იმ მერების მიმართ, რომლებსაც ახლა კანდიდატად არ დააყენებენ, დევნა დაიწყება, მათი განაჩენი უკვე დაწერილია, კახა კალაძე კი სისტემაში დასარჩენად იბრძვის, რაც მის გადარჩენას ნიშნავს – ყველაფერს გააკეთებს, რომ მერობის კანდიდატი გახდეს,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
სიჭინავას შეფასებით, „ქართული ოცნებისთვის“ კახა კალაძე მერის არჩევნებში „კარგი კანდიდატი“ ვერ იქნება.
„კორუფციაში იხრჩობა მუნიციპალიტეტები. როგორც კი მოიცლიან მერებისთვის, მათ შორის, იმ მერებისთვის, რომლებსაც ახლა არ დააყენებენ კანდიდატებად „ოცნების“ პარტიაში, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მიმართ დევნა დაიწყება. პოლიტიკური ნაწილიც აქვს ამას – ახლა სჭირდებათ ამ ადამიანებზე პოლიტიკური დევნა იმისთვის, რომ შექმნან შლეიფი, თითქოს რაღაც კორუფციას ებრძვიან. ამიტომ, ფრთხილად უნდა იყვნენ. მათი განაჩენები უკვე დაწერილია. კახა კალაძე ებღაუჭება, სისტემაში დასარჩენად იბრძვის. იმიტომ, რომ სისტემაში დარჩენა მის გადარჩენას ნიშნავს, მათ შორის, სხვადასხვა საკითხთან მიმართებით. ყველაფერს გააკეთებს, რომ მერობის კანდიდატი გახდეს.
კალაძე არ მგონია, კარგი კანდიდატი იყოს „ოცნებისთვის. კალაძისთვის ეს არის მესამე ვადა. მარტივად რომ ვთქვათ, პროფილურად შეუთავსებელია კალაძის პროფილი იმ გაცხადებულ, თითქოს კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკასთან. ეს ხომ ფასადურია, მაგრამ მაინც“,- განაცხადა სიჭინავამ.
გარდა ამისა, ბერდია სიჭინავამ ისაუბრა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებზეც. მისი თქმით, ის, რომ ერთ-ერთი კითხვა საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა, შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ „უახლოეს პერიოდში, გაზაფხულზე, საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნოს“.
„ერთი მიზანი აქვს „ოცნებას, რომ პოლიტიკური ოპოზიცია გაანადგუროს. განადგურებული ოპოზიციის ფონზე, საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება მისთვის ძალიან მარტივია. ამიტომ ვეუბნებოდით ოპოზიციას („ჩვენს კოლეგებს“ , ალბათ, უკვე ნაკლებად), რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია და ეს დამატებითი პოლიტიკური ბრძოლის სტიმულია. ახლაც ვეუბნებით და მოვუწოდებთ, ამ პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმა არ შეიძლება. დასუსტებული პოლიტიკური პარტია „ოცნების“ ინტერესებში შედის და საკუთარი გადაწყვეტილებით რომ აკეთებ ამას, ან „ოცნებასთან“ ხარ გარიგებული, ან უბრალოდ სასარგებლო იდიოტი ხარ საკუთარი ოცნებისთვის და საკუთარი თავისთვის კიდევ მავნებელი“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
გარდა ამისა, სიჭინავას მოსაზრებით, წინასაარჩევნოდ, შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ“ შემამსუბუქებელი ზომები მიიღოს და ციხეებიდან „პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლოს”.
„ფაქტი სახეზეა, რომ პოლიტიკური პატიმრების, სინდისის პატიმრების, ციხეში გამომწყვდეული მსახიობების, ჟურნალისტების ქალბატონების საკითხი საზოგადოებაში, მათ შორის, იმ ელექტორატშიც კი, რომელიც 26 ოქტომბერს მხარს უჭერდა „ქართულ ოცნებას“, „ოცნებისთვის“ დიდი პრობლემაა. თეორიულად, არ გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, შესაძლებლობას, რომ ამ ტვირთით „ოცნებას“ არ მოუნდეს წინასაარჩევნო პროცესში შესვლა. შესაძლებელია, შემამსუბუქებელი ზომები, მათ შორის, ამ ადამიანების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიღებული იყოს. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. თუმცა, არ შეცვლის ქვეყანაში პოლიტიკურ მოცემულობას. მხოლოდ ერთი საკითხის მოგვარებით, რა თქმა უნდა, „ოცნება“ ვერ მოაგვარებს იმ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ქვეყანაში არსებობს, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, წინასაარჩევნოდ „ოცნებისთვის“ ტვირთის ჩამოხსნა იქნება. თუ ისინი ასეთი გადაწყვეტილების მიღებას აპირებენ, დროულად უნდა მიიღონ“,- განაცხადა სიჭინავამ.
