ბანკების მიმართ პრეტენზიები 64%-ით გაიზარდა – რაზე ჩივიან მომხმარებლები

2024 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიები 64%-ით გაიზარდა.
კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს სამ თვეში მათ მიმართ მომხმარებლების მხრიდან 2 322 საჩივარი დაიწერა, 2022 წლის იგივე პერიოდში – 1 420.
ამასთან, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მარტში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან, ყველაზე მეტი მიმდინარე ანგარიშებზე, სამომხმარებლო სესხებსა და ინტერნეტბანკზე დაფიქსირდა.
უფრო კონკრეტულად, პროდუქტების მიხედვით საჩივრების ხუთეული (2024 წლის მარტში) ასე გამოიყურება:
· მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი – 1 064 განაცხადი;
· სამომხმარებლო სესხი – 618 განაცხადი;
· ინტერნეტბანკი – 87 განაცხადი;
· საკრედიტო ბარათი – 83 განაცხადი;
· იპოთეკური სესხი – 62 განაცხადი.
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული საჩივრებიდან ყველაზე მეტი განაცხადი – 945 ტრანზაქციებზე მოდის, შემდეგია ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიები – 596 განაცხადით, მე-3 ადგილზეა ადმინისტრაცია/მომსახურება 378 საჩივრით და ა.შ.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მარტში 2 322 საჩივრიდან ბანკებმა 1 040 განაცხადი – უსაფუძვლოდ, 392 – საფუძვლიანად მიიჩნიეს; 882 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს. 8-ის შემთხვევაში განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება.
bpn.ge