ბალნეოლოგიურ-კლიმატურ კურორტ ურაველში სახელმწიფო ქონება 106 000 ლარად იყიდება – რის განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს მთავრობა ინვესტორს

ახალციხეში, ბალნეოლოგიურ-კლიმატურ კურორტ ურაველში, სახელმწიფო ქონება 106 000 ლარად აუქციონზე იყიდება.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტოს მიერ გამოცხადებული, სოფელ ურაველში არსებული 10 543 კვ.მ.-ის ფართობის მიწა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების, ელექტრონული აუქციონი 28 მარტამდე გაგრძელდება.
სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონს თან ერთვის ეკონომიკის სამინისტროსა და კურორტების განვითარების სააგენტოს დაკვეთით Colliers Georgia-ს და დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრ „გეოგრაფიკის“ მიერ შემუშავებული სოფელი ურაველის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, სადაც აღნიშნულია, რომ დეველოპმენტის მთლიანი ხარჯი შესაძლოა $5.3 მილიონს აღწევს, რომელიც დეველოპმენტის ორწლიან პერიოდზე განაწილდება.
„ვთვლით, რომ მიწის საუკეთესო გამოყენება იქნება იზოლირებული (getaway retreat) სპა სასტუმროს განვითარება, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურ დარჩენას, ადგილობრივ სამზარეულოს, ტრანსფორმირებად საკონვენციო და მრავალფეროვან სპა ფუნქციებს შესთავაზებს. შეთავაზებული კონცეფცია გულისხმობს საშუალოზე მაღალი კლასის სასტუმროსა და ტყის ქოხების განვითარებას, რომლის მომხმარებლებადაც განვიხილავთ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს მოწყდეს ყოველდღიურ სამყაროს, იზოლირდეს და დაისვენოს კეთილმოწყობილ სასტუმროში სუფთა ჰაერზე, ისარგებლოს სპა და გამაჯანსაღებელი ფუნქციებით, ან/და ჩაატაროს საშუალო/მცირე ზომის ღონისძიება.
პოტენციურად, ამ სასტუმროს ვიზიტორები არიან საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქე წყვილები, სპა და გაჯანსაღების მოყვარული ინდივიდები, საშუალო/საშუალოზე მცირე ზომის ორგანიზაციების თანამშრომლები, რომლებიც გუნდის გაძლიერებისთვის ან/და კონფერენციისთვის ქალაქისგან მოშორებით ეძებენ საუკეთესო ადგილს. არსებული გარემოსა და შეთავაზებული ფუნქციური მიქსის გათვალისწინებით, ასევე ვფიქრობთ, რომ ობიექტი მიმზიდველი იქნება მცირე ზომის ქორწილებისთვისაც.
როგორც აღვნიშნეთ, ობიექტი გარშემორტმულია ტყის მასით, სადაც დღევანდელი მდგომარეობით უკვე არსებობს საფეხმავლო ბილიკები. აქ სეირნობა დამატებითი აქტივობა იქნება სასტუმროს მომხმარებლებისთვის. შესაძლებელია ასევე ამ ბილიკების კეთილმოწყობა, რაც უფრო სასიამოვნო გამოცდილების შემქმნელი იქნება სასტუმროს სტუმრებისთვის“, – აღნიშნავენ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ავტორები.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ კურორტის განვითარებისთვის შემუშავებული დოკუმენტში სივრცითი განაშენიანების პროგრამაცაა წარმოდგენილი, რომელიც აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 50-ნომრიანი სასტუმროს მოწყობას გულისხმობს, აქედან 40 სტანდარტული ნომერი, 10 კი ტყის ქოხი უნდა იყოს. სასტუმროს უნდა ჰქონდეს სპა და გამაჯანსაღებელი ობიექტები 2 საპროცედურო ოთახი, 2 საუნა და საცურაო აუზი, რომელიც დახურულ სივრცეში განთავსდება და პატარა გარე თერმულ აუზს დაუკავშირდება.
დოკუმენტის მიხედვით, საპრივატიზაციო ქონების არეალი ასეა აღწერილი: ობიექტი მყუდრო და მოწყვეტილ, ტყით გარშემორტყმულ გარემოშია, რაც მას სხვადასხვა ფუნქციის განსავითარებლად მიმზიდველს ხდის. ნაკვეთზე 4 შენობა-ნაგებობაა რეგისტრირებული, რომელთაგან ერთის მხოლოდ საძირკველია შემორჩენილი, ორი შენობა ფაქტობრივად დანგრეულია და მხოლოდ ერთი – სამსართულიანი შენობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.