საქართველოში სეზონური ხილის ფასი ყოველწლიურად იზრდება; გამონაკლისი არც 2025 წლის ზაფხულის სეზონია. ფასების ზრდის გამომწვევ მიზეზად სექტორის წარმომადგენლები უამინდობას ასახელებენ – ძლიერმა ყინვებმა საზაფხულო ხილს ყვავილობის ეტაპზე მოუსწრო და ამიტომ, ბაზარზე სეზონური ხილის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.
ფერმერები ინფლაციის გავლენაზეც საუბრობენ, მათი თქმით, საგრძნობლად არის გაძვირებული ხილის წარმოების თვითღირებულება. შპს „აგრო 1959“-ის მმართველი პარტნიორის, გელა ხანიშვილის ინფორმაციით, ძლიერმა ყინვამ განსაკუთრებით დააზარალა ისეთი კულტურები, როგორებიცაა: ბალი, ტყემალი და ქლიავი.
„იმის მოლოდინი, რომ სეზონი ძალიან აქტიურია და ბაზარზე ქართული პროდუქცია გვაქვს, ძალიან ადრეა- პირიქით, ადგილობრივი პროდუქციის შემოსვლა ახლა იწყება. თუმცა, ცალკეული პროდუქცია უკვე მიილია კიდეც, მაგალითად მარწყვი, თუმცა ბალი შემოდის, მალე ატამიც და ასე შემდეგ. როცა პროდუქტი პირველად შემოდის ბაზარზე, ხილი იქნება ეს თუ ბოსტნეული, რა თქმა უნდა, სიძვირე არის. მიმდინარე წელს კურკოვანი პროდუქცია ძვირი იმ გარემო პირობების გამო არის, რომელიც 1.5-2 თვის წინ გვქონდა, როცა საქართველოს ყინვამ გადაუარა. ამან გავლენა მოახდინა ისეთ კულტურებზე, როგორიცაა: ბალი, ტყემალი, ქლიავი და სხვა.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ქართული პროდუქცია უკვე საერთაშორისო ბაზრებზე არის გასული. ნებისმიერი პროდუქცია, მათ შორის, ახალი კარტოფილიც, ახალ ბაზარს ეძებს, სადაც უფრო მაღალ ფასად გაიყიდება. ბალზე მაღალი შარშანაც იყო, მაგრამ არა ისეთი როგორიც წელსაა, ეს ნიშნავს, რომ დეფიციტი რეალურია. გარდა იმისა, რომ ბაზარი ფასს არეგულირებს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თავად პროდუქციის წარმოება სერიოზულად გაძვირდა. ჩვენ, ფერმერები უფრო და უფრო მეტ ფულს ვიხდით შრომაში, ტექნიკის დაქირავებაში და სხვა დეტალებში, მაგრამ საბედნიეროდ, იზრდება ქვეყნის ეკონომიკა, რაც მოსახლეობას აძლევს საშუალებას უფრო ძვირადაც შეიძინონ პროდუქცია“,- აღნიშნა „კომერსანტთან“ გელა ხანიშვილმა.
