კრიმინალური ბანდების გამოყენებით მიმდინარეობს ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორება “ქართული ოცნების” მიერ , – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა.
ჯაფარიძის შეფასებით, ივანიშვილს ეგონა, პროტესტს ძალადობით ჩაახშობდა, როგორც ამან რუსეთსა და ბელორუსში იმუშავა, თუმცა, სულ სხვა სურათი მიიღო.
როგორც მან აღნიშნა, ქართველები ხელისუფლების მხრიდან ძალადობის საშიშროებას არ გაურბიან.
“მივიღეთ ვითარება, როდესაც ხელისუფლება გასულია კანონის ჩარჩოებიდან და ჩვენ ახლა ვცხოვრობთ იმ ვითარებაში, როდესაც კრიმინალური ბანდები დათარეშობენ ქვეყანაში ყოველგვარი სასჯელის გარეშე და კრიმინალური ბანდების გამოყენებით მიმდინარეობს ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორება “ქართული ოცნების” მიერ.
როცა ასეთი ვითარებაა ქვეყანაში, პოლიტიკოსების ამოცანაა, ვნახოთ გამოსავალი, რომელიც დააბრუნებს ვითარებას კანონის ფარგლებში, ეს გამოსავალი გავაჟღეროთ, ჩვენმა თანამოქალაქეებმა მკაფიოდ იცოდნენ, სად არის ამ კრიზისის განმუხტვის გზა. ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
რატომ უნდა გაეკეთებინა ირაკლი კობახიძეს ეს განცხადება, მოლაპარაკებებს ვაჩერებთო – იმიტომ, რომ ვინც მას ინსტრუქციებს აძლევს, მისი ამოცანა არ იყო, რომ საზოგადოება გამთლიანდეს ან ვითარების გამოსავალი მოიძებნოს, მისი ამოცანაა, პირდაპირი მხარდაჭერა მიიღოს პუტინისგან. კობახიძის განცხადებიდან ნახევარ საათში ჩნდება პუტინის ქება მათ მიმართ – ეს არის მთავარი ჯილდო ივანიშვილისთვის. ფიქრობდნენ, რადგან არჩევნების გაყალბების გამო ხალხი ქუჩაში არ გამოვიდა, ამასაც გადააგორებდნენ, მიიღეს პირდაპირი მხარდაჭერა პუტინისგან და აქ დაუშვეს დიდი შეცდომა იმიტომ, რომ ეს იყო მართლაც ის წვეთი, რომელმაც აავსო ჩვენი თანამოქალაქეების მოთმინების ფიალა და მშვიდობიანი პროტესტის მიზნით ისინი გამოვიდნენ ქუჩებში.
ეს იმდენად მოულოდნელი იყო “ქართული ოცნებისთვის”, რომ ამან დააკარგვინა წონასწორობა და მიზანმიმართულად დაიწყეს ადამიანების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. აქაც დიდ შეცდომას უშვებს ივანიშვილი. ნახა, რომ რუსეთში ადამიანების დაშინებამ იმუშავა, ბელორუსშიც დაშინებითა და ძალადობით ჩაცხრა პროტესტი და ეგონა, ეს აქაც იმუშავებდა. საქართველოში ეს არ მუშაობს. ეს ადამიანები არ გაურბიან ხელისუფლების მხრიდან ძალადობის საშიშროებას, ისინი მაინც ქუჩაში დგანან. რაც უფრო მეტად იყო ძალადობა აქციის მონაწილეების მიმართ, მეორე დღეს უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.