ბადრი ჯაფარიძე – განთავსდება კამერები, გარდა ამისა, გამჭვირვალე ბიულეტენებთან დაკავშირებით ნაბიჯები გადავდგით, არ გამოჩნდება ლაქა – ჩვენი ამოცანაა, მივაღწიოთ ხელისუფლების მშვიდობიანად ცვლილებას, რაც არჩევნების გზით მოხდება

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება, რაც მხოლოდ ს გზით უნდა მოხდეს. ამის შესახებ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.
მისივე თქმით, არჩევნების ბოიკოტი ნაკლებად ეფექტური სტრატეგიაა და გამარჯვების შანსს მხოლოდ ოპოზიციური ამომრჩევლების აქტიური მონაწილეობა ზრდის.
„ყველა ოპოზიციურ ძალას, რომელსაც სურს, ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული შეხედულება. ჩვენ უნდა შევეგუოთ განსხვავებულ შეხედულებებს, შემწყნარებლობას. ჩვენ „ძლიერ საქართველოს“ და „გახარია საქართველოს“ გვაქვს ჩვენი ხედვა. ჩვენი ხედვა არის ის, რომ აუცილებელია, ოპოზიციური ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა, ეს არის ყველაზე ეფექტური გზა იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ დასუსტდეს. რა თქმა უნდა, საქართველოს ისტორია გვეუბნება, რომ ხელისუფლების ცვლილება ხდება მაშინ, როდესაც ვმონაწილეობთ არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო გარემო სრულიად უსამართლოა, ასეთი იყო 2012 წელს, 2003 წელს, მაგრამ მაშინ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ არჩევნებში მიგვეღო მონაწილეობა, ნაწილი ბოიკოტის მომხრე იყო. აღმოჩნდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა უფრო ეფექტური იყო“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ ხელისუფლების ცვლილება არჩევნებში მონაწილეობით ხდებოდა.
„აღმოჩნდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა უფრო ეფექტური იყო, ვიდრე ბოიკოტი“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, მისი კოალიცია შეეცდება, ყველა დონეზე გაიმარჯვოს.
„ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად ბევრი ოპოზიციონერი ამომრჩეველი მოვიდეს და ხმა მისცეს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და შევეცადოთ ყველგან, ყველა დონეზე გავიმარჯვოთ. დიდი გამოცდილება მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობით მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში იგივე ხელისუფლება და იყო. უმნიშვნელოვანესი იყო ოპოზიციური პარტიების მონაწილეობა“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის თქმით, „ძლიერი საქართველო-ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ მუშაობს არჩევნების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად:
„ყველგან განთავსდება კამერები, რომლებიც მოემსახურება იმას, რომ ერთი და იგივე ადამიანი არ გამოცხადდეს საარჩევნო უბანზე. ჩვენ ვმოქმედებთ კანონის გათვალისწინებით, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით. კამერები განთავსდება იმისათვის, რომ გამოვრიცხოთ და აღმოვაჩინოთ, რომ ერთი და იგივე ადამიანმა არ მისცეს ხმა სხვადასხვა უბანზე. რა რაოდენობაც იქნება საჭირო, იმდენი განთავსდება.
გარდა ამისა, გამჭვირვალე ბიულეტენებთან დაკავშირებით ნაბიჯები გადავდგით. არ გამოჩნდება ბიულეტენზე აღნიშნული ლაქა. ამაზე მუშაობენ ჩვენი წარმომადგენლები. არის კიდევ სხვა ნაბიჯები, რომლებსაც აუცილებლად გადავდგამთ“,- განაცხადა ჯაფარიძემ და დასძინა – „ჩვენი ამოცანაა, მივაღწიოთ ხელისუფლების მშვიდობიანად ცვლილებას. ეს აუცილებლად მოხდება არჩევნების გზით“.