ახალქალაქში რეკრუტებმა ფიცი დადეს

უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დაარსების დღესთან დაკავშირებით, ახალქალაქში რეკრუტთა საწვრთნელი I და IV ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა ფიცი დადეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჯარისკაცები თავდაცვის ძალების წვევამდელთა ეროვნულ, ასევე პროფესიულ საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურს შეუერთდებიან.
„საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, რეკრუტებისთვის ფიცის დადების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ცენტრის პირად შემადგენლობას იუბილე მიულოცა.
საზეიმო ღონისძიებაზე საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატების, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის, ასევე, წარმატებული სამხედრო ოპერაციებისა და ფართომასშტაბიანი სწავლებების დაგეგმვისა და მართვისას გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის, სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღით, უწყებრივი მედლებით – „გიორგი ანწუხელიძე“, „უმწიკვლო სამსახურისთვის“ და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს.
ღონისძიებას რეკრუტების ოჯახის წევრები დაესწრნენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!