ახალგაზრდები დააკავეს სოჭის ნავთობის საცავზე დრონებით შეტევის გამო გაჩენილი ხანძრის ფონზე ვიდეოს გადაღებისთვის

რუსეთის ქალაქ სოჭის პოლიციამ დააკავა სამი ახალგაზრდა, რომლებმაც დრონებით შეტევის შედეგად ნავთობის ბაზაზე გაჩენილი ხანძრის ფონზე ვიდეო გადაიღეს და სოციალური ქსელებით გაავრცელეს.
სოჭის ადლერის რაიონში მდებარე ნავთობის საცავზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 3 აგვისტოს, გამთენიისას იყო.
კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა, რომ ხანძარი მოგერიებული უკრაინული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენამ გამოიწვია. რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხები თვითმხილველებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ ობიექტზე დრონებით პირდაპირი დარტყმა იყო.
3 აგვისტოს სოციალური ქსელებით გავრცელდა ხანძრის ფონზე გადაღებული ვიდეო. კადრში ორი გოგო და ერთი ბიჭია.
იმავე საღამოს კრასნოდარის მხარის შინაგან საქმეთა სამმართველოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ „დაადგინეს და დააკავეს სკანდალური ვიდეორგოლის გმირები“, რომლებიც „ნიჟნი-ტაგილიდან ჩამოსული 19, 20 და 21 წლის ახალგაზრდები აღმოჩნდნენ“. 20 წლის გოგოს, რომელიც ვიდეოს უშუალოდ იღებდა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და „მიმდინარეობს შემოწმება“, რომლის შედეგადაც „პროცესუალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ“.
დრონებით შეტევის შედეგად გაჩენილ ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ. სოჭის ამ ობიექტზე უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმა იყო 24 ივლისსაც.
ფორუმი