აჭარაში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციები და აქტივისტები განცხადებას ავრცელებენ.
მათი მთავარი მოთხოვნაა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუყოვნებლივ შეისწავლოს, “ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელის და დირექტორის მზია ამაღლობელის დაკავების მომენტში მისი უფლებების დარღვევის ფაქტები.
“გუშინ ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გაზეთ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი დაიჭირეს. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდება და არაფერს ამბობს იმაზე, თუ რას მოყვა დაკავება და როგორ იქცეოდნენ სამართალდამცავები, რომლებმაც გუშინ საღამოს 10 ადამიანი სტიკერების დაკვრისა და კითხვების დასმის გამო აიყვანეს. დაკავებები ბათუმში საპროტესტო მსვლელობისას დაიწყო, როცა ერთ-ერთი აქტივისტი დაიჭირეს. ამას მოყვა აქციის მონაწილეების მისვლა ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, სადაც მოქალაქეები ცდილობდნენ თავიანთი გამოხატვის თავისუფლებით ესარგებლათ და სტიკერები დაეკრათ ასფალტსა თუ შენობის კედლებზე, თან პოლიციელებს ეკითხებოდნენ, რატომ იყო ეს კანონდარღვევა. ამის გამო პოლიციამ კიდევ 9 ადამიანი დააკავა, მათ შორის იყო მზია ამაღლობელიც, რომელსაც წინააღმდეგობაც კი არ გაუწევია. მოგვიანებით, ამაღლობელისა და კიდევ დაკავებული სამი ქალის გათავისუფლების შემდეგ, როცა აქციის მონაწილეები ადგილზე რჩებოდნენ და ცდილობდნენ დანარჩენი დაკავებულების შესახებ ინფორმაციის მიღებას, მოულოდნელად, აბსოლუტურად მშვიდ სიტუაციაში, პოლიციელების საკმაოდ დიდი ჯგუფი, გაფრთხილებისა და მოწოდების გარეშე, ხალხში შემოვარდა და ორი ადამიანი დააკავა. ამან დაბნეულობა და შეხლა-შემოხლა გამოიწვია, მოქალაქეები არ ატანდნენ პოლიციელებს აქციის მონაწილეებს და ეკითხებოდნენ, კონკრეტულად რა დანაშაულისთვის ხდებოდა დაკავება. იყო ჭყლეტა, რამდენიმე ადამიანი წაიქცა და ფიზიკური დაზიანებებიც მიიღო. პოლიციას არც მანამდე და არც შემდეგ განმარტება არ გაუკეთებია. მზია ამაღლობელი სიტუაციაში გარკვევას ცდილობდა და კითხვებს სვამდა. თვითმხილველების თქმით, პოლიციელებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამაღლობელთან ადვოკატები რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ შეუშვეს. დაკავებულმა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან თქვა, რომ მას არასათანადოდ მოეპყრნენ. გაზეთ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ქვეყანაში, სადაც ბოლო 46 დღის განმავლობაში 500-მდე მოქალაქე დააკავეს, მათი დაჭერა და პატიმრობაში დატოვების მოტივი კი სადაო და უსაფუძვლოა, სადაც დაკავებულების უმრავლესობას აქვს მძიმე ფიზიკური დაზიანებები, რაც სახალხო დამცველის აპარატმა წამებასთან გათანაბრებულ ქმედებად შეაფასა, სადაც 50-ზე მეტ ადამიანს სისხლის სამართლის დანაშაულს მტკიცებულებების გარეშე ედავებიან, იყენებენ შაბლონურ დაკავების ოქმებსა და პოლიციელების კოპირებულ ჩვენებებს, სადაც გენერალური ინსპექცია არ მუშაობს და პოლიციელების არცერთ გადაცდომაზე რეაგირება არ მომხდარა, მოქალაქეებს არც სამართლიანობის, არც კანონის უზენაესობის, არც პოლიციელების მხრიდან დაცულობის შეგრძნება არ აქვთ. ასე იყო გუშინ სამმართველოს ეზოშიც, სადაც პოლიციელებმა არაერთხელ დაარღვიეს კანონი, დააკავეს ადამიანები გამოხატვის უფლების გამოყენების გამო, დამცინავად მიმართავდნენ და უსამართლოდ ექცეოდნენ მათ, სულ მცირე პროცედურებიც არ დაიცვეს და გამუდმებით ახდენდნენ ძალის დემონსტრირებას. ჩვენ, აჭარაში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციები და აქტივისტები მოვითხოვთ: სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუყოვნებლივ შეისწავლოს, “ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელის და დირექტორის მზია ამაღლობელის დაკავების მომენტში მისი უფლებების დარღვევის ფაქტები; კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დაისაჯონ მზია ამაღლობელის დაკავების მომენტში მასზე ძალადობის განმახორციელებელი პირები, მათ შორის, აჭარის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე.მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული პირები, მათ შორის, მზია ამაღლობელი”,- ნათქვამია განცხადებაში.