სადავო პარლამენტის თავმდჯომარე შალვა პაპუაშვილი საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების შემდეგ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს მიმართავს და აცხადებს, რომ „აღრ უნდა განმეორდეს“ მათი მხრიდან „ჩარევა“ და „აგიტაციაში უცხოელი პოლიტიკოსების და დიპლომატების მონაწილეობა“.
„სამწუხაროდ, ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, ჭარბად ვიხილეთ წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხოელი პოლიტიკოსების და დიპლომატების მონაწილეობა, როგორც განცხადებებით, ისე აგიტაციის დაფინანსებით. რაც, როგორც ვენის კონვენციის, ისე საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა იყო.
ეს აღარ უნდა განმეორდეს“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა ფეისბუკზე 5 აგვისტოს, რამდენიმე საათშ მას შემდეგ, რაც მიხეილ ყაველაშვილმა და ირაკლი კობახიძემ ერთობლივად გამოსცეს განკარგულება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 4 ოქტომბერს ჩატარების შესახებ.
„განსაკუთრებით მივმართავ საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებს, დაიცვან ვენის კონვენცია, პატივი სცენ საქართველოს კანონმდებლობას და ქართველი ხალხის უფლებას უცხოური ჩარევის გარეშე გააკეთოს არჩევანი“, – წერს შალვა პაპუაშვილი და პირობას დებს: „ჩვენ ამ საკითხს დეტალურად მივადევნებთ თვალყურს“.
„ეს არჩევნები იქნება ტესტი იმის დასანახად, თუ ვინ სცემს პატივს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ვინ – მხოლოდ, ხინკალს“, – წერს იგი. იგივე ტექსტი ინგლისურ ენაზეც არის გამოქვეყნებული.
„ქართული ოცნების“ ლიდერები „შიდა საქმეებში ჩარევად“ აფასებენ დასავლეთის ქვეყნების ელჩების, მთავრობებისა თუ ამ ქვეყნებში მმართველი თუ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი პოლიტიკოსების სხვადასხვა ტიპის კრიტიკულ განცხადებებს.
მაგალითდ, ირაკლი კობახიძე „ჩარევად“ აფასებს „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლოზე ელჩების დასწრებასაც.
საქართველოში ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ აღიარებს, თუმცა ნაწილი („ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“, ასევე, „გირჩი“) მაინც თანახმაა, მონაწილეობა მიიღოს 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში.
დანარჩენები არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ.
ამასთან, 2024 წლის არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერების ნაწილი ან უკვე ციხეშია („ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“/„ძლიერი საქართველო“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, ან საზღვარგარეთაა და მის წინააღმდეგ გამოძიებაა დაწყებული („გახარია – საქართველოსთვის).
ფორუმი
