მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულების ერთ-ერთი ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, პოლიციელებმა 4 პირზე ფიზიკურად იძალადეს.
როგორც ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ტყეშელაძემ განაცხადა, 3 პირი, რომელთაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, მან თავად მოინახულა, კიდევ ერთ ადამიანზე ფიზიკური ძალადობის განხორციელების შესახებ კი მას დაკავებულმა უამბო.
ადვოკატის თქმით, სამართალდამცავებმა ნაწილზე დაკავების მომენტში იძალადეს, ნაწილზე კი დაკავების შემდეგ, მანქანაში.
ტყეშელაძემ იზოლატორში ალექსანდრე ბექაური, რეზი დუმბაძე და ალექსნადრე ქავთარაძე მოინახულა.
„ნაცემები არიან, ქავთარაძეს სახეზე აღენიშნება დაზიანებები. მას მანქანაში ჩასმის შემდეგ დაარტყეს სახეში… ასევე არის ავსაჯანიშვილი, რომელსაც ასევე აღენიშნება დაზიანებები…. ეს ყველაფერი დაშინების მცდელობაა, ეს ნიღბიანი პოლიციელები არ არიან სამართალდამცავები, ისინი არიან კრიმინალები. დაკავებულები ამბობენ, რომ მათ სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ“,- განაცხადა ტყეშელაძემ.
მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს. მათგან 3 ადამიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 10 პირი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია შესახლებული, 3 კი, დიღმის სამმართველოში.