აფხაზური კლანები ახალი ომის ზღვარზე: „პრორუსი“ გუნბა თუ „პროთურქი“ არძინბა?

ოკუპირებულ აფხაზეთში არ გამორიცხავენ კლანებს შორის დაპირისპირების უკიდურესად გამწვავებას, თუ კრემლმა მაინც შეძლო, 15 თებერვალს, ე.წ „საპრეზიდენტო არჩევნებში“, ბადრი გუნბას გამარჯვების „უზრუნველყოფა“.
43 წლის გუნბა, რომელიც სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარადან არის, ანქვაბი-ბჟანიას კლანს წარმოადგენს. ეს კლანი ანკლავს 2020-2024 წლებში მართავდა და გასული წლის ნოემბერში, ე.წ „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია და ე.წ „პრემიერი“ ალექსანდრე ანქვაბი, არძინბა-ჰაჯიმბას კლანმა ძალაუფლებას ნაწილობრივ ჩამოაშორა.
არძინბა-ჰაჯიმბას კლანმა, 43 წლის გუდაუთელი ადღურ არძინბას მეთაურობით ოთხი თვის უკან, კარგად გამოიყენა, „აფხაზური კლანების“ უკმაყოფილება, კორუფციის, სთვის ბიჭვინთის სახელმწიფო ნაკრძალის და სახელმწიფო აგარაკების გადაცემის, ასევე ე.წ „აპარტამენტების კანონისა“ და ე.წ „საინვესტიციო შეთანხმების“ მიღების მცდელობის გამო, რაც ანკლავში რუსულ ოლიგარქიულ კაპიტალს გზას უხსნიდა.
15 თებერვლის ე.წ „არჩევნებში“ მთავარი მეტოქეები სწორედ ბადრი გუნბა და ადღურ არძინბა არიან. გუნბა, რომელიც ბჟანიას ე.წ „ვიცე-პრეზიდენტი“ იყო, ძალაუფლებიდან ბჟანია-ანქვაბის ჩახსნის შემდეგ, ე.წ „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად“ და კრემლის ახალ ფავორიტად იქცა.
გუნბას მხარდასაჭერად ოკუპირებულ სოხუმში 31 იანვარს პირადად ჩავიდა, რუსეთის დიქტატორის პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი კირიენკო და ანექსირებული ანკლავის ჯანდაცვის სისტემის მოდერნიზების პირობა დადო. თებერვლის დასაწყისში, მოსკოვში გუნბა პატივით მიიღეს რუსეთის საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრებმა, ასევე ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ.
რუსეთისთვის გუნბას მხარდაჭერა კი არ არის მთავარი, მისთვის მნიშვნელოვანია „აპარტამენტების“ მშენებლობაზე, რუსულ ინვესტიციებზე და მიწის გაყიდვაზე გაცემული დაპირებები შესრულდეს. ამ ფონზე რუსებს უნდათ ისევ ბჟანიას და ანქვაბის მიმართულებამ გაიმარჯვოს, გუნბა ამიტომ არის მათთვის მისაღები“ პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი
ამ შეხვედრების შემდეგ, კრემლმა განაახლა აფხაზების დაფინანსება და ელექტროენერგიის მიწოდება, რომელიც „ნოემბრის ანტირუსული გადატრიალების“ შემდეგ, შეჩერებული ჰქონდა. უფრო მეტიც, გუნბა მოსკოვიდან მშენებარე სოხუმის აეროპორტში, „რეგულარული ავიარეისით“ დააბრუნეს, რომელიც პირველი იყო 1993 წლის სექტემბრის შემდეგ, როცა საქართველომ აფხაზეთზე კონტროლი დაკარგა.
„ბადრი გუნბა რა თქმა უნდა „მეორე ადამიანია“, მანდ წამყან ფიგურად ალექსანდრე ანქვაბი რჩება, ყოფილი, დე-ფაქტო „პრემიერ მინისტრი“, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ აფხაზური პოლიტიკის „ნაცრისფერი კარდინალია“ და სწორედ ის მართავს ამჟამინდელ სიტუაციას“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ კონფლიქტოლოგმა და ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.
ზაქარეიშვილის თქმით, ანკლავში ამჟამად „ორი გამოკვეთილი ძალაა, ერთია, აფხაზების პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას გუნდი, რომელსაც ზოგჯერ, არძინბა-ჰაჯიმბას გუნდად მოიხსენიებენ. მეორეა ანქვაბის გუნდი. არძინბა და ანქვაბი ჯერ კიდევ ომის დროიდან დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და იქედან მოყოლებული ეს ორი ნაკადი ერთმანეთს ებრძვის.
ამ დაპირისპირების დროს, ანქვაბი „პრეზიდენტიც“ იყო, „პრემიერიც“ „ვიცე პრეზიდენტიც“ და სხვადასხვა ფორმით მართავდა აფხაზეთს და დღემდე, გავლენების ბერკეტები მის ხელშია. მათ შორის, გუნბა იყო უფრო ანქვაბის კაცი, როცა იყო ე.წ „ვიცე-პრეზიდენტი“, ვიდრე ბჟანიასი. ბჟანიაც გარკვეულწილად ანქვაბის კანდიდატი იყო.“
რატომ დადო კრემლმა ისევ ფსონი, 2024 წლის ნოემბერში დამარცხებულ ანქვაბი-ბჟანიას კლანზე და შესაბამისად, ბადრი გუნბაზე? პაატა ზაქარეიშვილის აზრით, სწორედ ამ კლანმა მისცა კრემლს გარანტია, რომ მიიღებდა რუსეთისთვის ასე მნიშვნელოვან ე.წ „აპარტამენტების კანონსა“ და ე.წ „საინვესტიციო შეთანხმებას“, ასევე გაადვილებდა რუსეთის მოქალაქეებისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში, მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის პროცედურებს.
„გუნბა რა თქმა უნდა „მეორე ადამიანია“, მანდ წამყან ფიგურად ალექსანდრე ანქვაბი რჩება, რომელიც აფხაზური პოლიტიკის „ნაცრისფერი კარდინალია“
„დიდი ფულიც არის ამაში გადახდილი, არის მოარული ხმები და არა მარტო, მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი ინფორმაციაც არსებობს, რომ აფხაზების ე.წ დე-ფაქტო „პარლამენტის“ „დეპუტატებმა“ (რუსეთიდან) საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხები აიღეს, რომ ე.წ „აპარტამენტების კანონისთვის“ ხმა მიეცათ.
ამიტომ, რუსეთისთვის გუნბას მხარდაჭერა კი არ არის მთავარი, მისთვის მნიშვნელოვანია „აპარტამენტების“ მშენებლობაზე, რუსული ინვესტიციებისთვის კარის გახსნაზე და მიწის გაყიდვაზე გაცემული დაპირებები შესრულდეს. ამ ფონზე რუსებს უნდათ ისევ ბჟანია-ანქვაბის მიმართულებამ გაიმარჯვოს და გუნბა ამიტომ არის მათთვის მისაღები“ – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
ე.წ „აფხაზური ს“ ისტორიაში პირველად, კრემლი არა მხოლოდ ღიად უჭერს მხარს მისთვის მისაღებ კანდიდატს, ამ შემთხვევაში, ბადრი გუნბას, არამედ, ასევე ღიად მოქმედებს მისი ოპონენტის ადღურ არძინბას წინააღმდეგ.
კრემლმა ე.წ „არჩევნების“ წინ, რუსეთის მოქალაქეობა დემონსტრაციულად ჩამოართვა, ადღურ არძინბას „ახლო მოკავშირეებს“: კან კვარჭიას, ლევან მიქავას და ტაიფუნ არძინბას. ეს უკანასკნელი თურქეთის მოქალაქეა, რეპატრიანტი ბიზნესმენი, რომელიც უკვე წლებია თურქული კომპანია „ტამსაშის“ მეშვეობით, ტყვარჩელის ქვანახშირის საწარმოს უკანონო ექსპლუატაციას და თურქეთში ქვანახშირის ექსპორტს ეწევა.
პარალელურად, რუსული პროპაგანდა ადღურ არძინბას, რომელსაც რაულ ჰაჯიმბას ე.წ. „პრეზიდენტობის“ დროს (2014-2020) ე.წ „ეკონომიკის მინისტრის“ და ე.წ „ვიცე პრემიერის“ თანამდებობა ეკავა, პროთურქულ კანდიდატად წარმოაჩენს.
თურქეთს რა თქმა უნდა სურვილი აქვს, რომ აფხაზეთში თავისი გავლენის ჯგუფები ჰყავდეს, შეძლებისდაგვარად ამას ცდილობს, მაგრამ, ამ რეგიონში, ამ ეტაპზე, რუსეთთან კონფრონტაციის დიდი სურვილი არ გააჩნია“ სანდრო ბაკურაძე, თურქოლოგი
ადღურ არძინბა სწავლობდა „ბაშარან კოლეჯში“, რომელიც ფეთულა გულენის „ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის“ ეგიდით, 1995-2010 წლებში, გაგრის რაიონის დაბა განთიადში ფუნქციონირებდა. ამ ბრალდებაზე არძინბამ განაცხადა, რომ „კოლეჯი მიზეზთა გამო არ დაუმთავრებია და თურქული ენაც აღარ ახსოვს“.
ინტერნეტ სივრცეში ასევე გავრცელდა, ადღურ არძინბას სახელზე გაცემული თურქეთის პასპორტი (არძინბა ამტკიცებს რომ ეს ყალბი პასპორტია) და საბანკო გადარიცხვის ქვითარი, სადაც ჩანს, რომ არძინბამ 2023 წელს, სტამბოლში, Darussafaka-ს საქველმოქმედო ფონდს, 1.4 მილიონი თურქული ლირა ანუ დაახლოებით 40 ათასი დოლარი შესწირა.
„ეს ძალიან საინტერესო დეტალია. თურქეთს რა თქმა უნდა სურვილი აქვს, რომ აფხაზეთში თავისი გავლენის ჯგუფები ჰყავდეს, შეძლებისდაგვარად ამას ცდილობს, მაგრამ ამ რეგიონში, ამ ეტაპზე, რუსეთთან კონფრონტაციის დიდი სურვილი არ გააჩნია“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ თურქოლოგმა სანდრო ბაკურაძემ.
მისი თქმით, „მეორე მხრივ, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პარტიის ერთ-ერთმა მთავარმა კოალიციურმა პარტნიორმა – ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ, 2024 წლის ნოემბრის მოვლენების დროს, ღიად გაავრცელა განცხადება და აფხაზურ „ოპოზიციას“ ფაქტობრივად, მხარდაჭერას უცხადებდა.
ის გავლენიანი, ეთნიკურად აფხაზი ფიგურებიც, რომლებიც თურქეთის მმართველი ალიანსის პარტიებში, პოლიტიკური საქმიანობით არაინ დაკავებულნი, ასევე აშკარად ჩანს, რომ „აფხაზურ ოპოზიციას“ უთანაგრძნობენ, მაგრამ ეს რიტორიკა რამდენად გადაიზრდება რეალურ მხარდაჭერაში, ძალიან საეჭვოა. აფხაზების თურქები თავიანთი პოლიტიკის მიუხედავად, რუსეთთან ღია კონფრონტაციას ყოველთვის ერიდებოდნენ და ახლაც ამ მხარდაჭერას თავისი საზღვარი ექნება“ – მიაჩნია სანდრო ბაკურაძეს.