ირანში, 3 იანვარს გენერალ ყასემ სოლეიმანის საფლავთან მომხდარო აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. საერთაშორისო ორგანიზაციები და ქვეყნები სოლიდარობას უცხადებენ ირანს. თავად ირანის ოფიციალური პირები მომხდარს ცალსახად ტერორისტულ აქტს უწოდებენ და ისრაელის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.
ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა მომხდარს “არაადამიანური დანაშაული” უწოდა. BBC, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ის აფეთქებაში “სიონისტურ რეჟიმს” ადანაშაულებს. მან ქვეყნის “მტრების” მისამართით თქვა, რომ მსგავსი ქმედებებით ვერ შეცვლიან ირანელი ხალხის სიმტკიცეს ისლამური და ეროვნული იდეების დასაცავად.
შურისძიებაზე საუბრობს ირანის სახელმწიფო, სამხედრო და სულიერი ლიდერი ალი ხოსეინი. მისი განცხადებით მომხდარს ირანი მკაცრ პასუხს გასცემს.
ირანელმა გენერალმა, ესმაილ ქაანმა და ირანის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მოჯთაბა ზოლნოურიმ მომხდარში პირდაპირ დაადანაშაულეს ისრაელი.
“კერმანში მომხდარი აფეთქება თვითმკვლელ ტერორისტს არ ჩაუდენია. ეს აჩვენებს, რომ ტერორისტული აქტი სიონისტურმა რეჟიმმა განახორციელა. ჩვენ ვუპასუხებთ სიონისტურ რეჟიმს შურისძიებით, რომელსაც გლობალური ღირებულება ექნება”, – განაცხადა ზოლნოურიმ.
შინაგან საქმეთა მინისტრის, აჰმედ ვაჰიდის შეფასებით, ეს იყო ყველაზე სასტიკი ტერორისტული აქტი ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ.
რას ამბობენ ისრაელსა და აშშ-ში?
ისრაელის ოფიციალურ პირებს მომხდართან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ. აფეთქების შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწია თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორს, ჯონ კირბის.
“ამ ეტაპზე ჩვენთვის ბევრი დეტალი ცნობილი არ არის ამ აფეთქების შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენ თანავუგრძნობთ ყველა უდანაშაულო მსხვერპლს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთა ცხოვრება აბსოლუტურად შეიცვლება ამის შემდეგ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს არანაირი დამატებითი ინფორმაცია იმაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი ამაზე”, – განაცხადა მან.
ჟურნალისტის კითხვას, გამორიცხავს თუ არა ის ისრაელის პასუხისმგებლობას, კირბიმ ასე უპასუხა:
“ამ მომენტისთვის ჩვენ არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ ისრაელი რამენაირად იყო ჩართული ამაში”.
ჟურნალისტმა კირბის, ასევე ჰკითხა, აშშ-ს სადაზვერვო სამსახურს ჰქონდა თუ არა ინფორმაცია შესაძლო აფეთქების შესახებ, რაზეც თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი ძალადობრივ ქმედებებს არ ელოდნენ.
აფეთქება ირანში გუშინ, 3 იანვარს, გენერალ ყასემ სოლეიმანის გარდაცვალებიდან 4 წლისთავისთვის მიძღვნილ ცერემონიაზე მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობები, სავარაუდოდ, ჩანთებში იყო მოთავსებული და სოლეიმანის საფლავიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის რადიუსში, სხვადასხვა ადგილას იყო მოთავსებული.
აფეთქებები 20 წუთის შუალედით მოხდა და ჯამში 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან 200-ზე მეტ დაშავებულს შორის ბევრი მძიმე მდგომარეობაშია.
ადგილზე მუშაობენ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის, წითელი ნახევარმთვარის წარმომადგენლები.