“ასე შეიძლება მეც მიჩივლონ” – გომელაურის “წარმატებული თემუკა” ჩამოაქვეითეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმუკა კალანდაძე კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს.
საჯარო სივრცეში არსებული ცნობებით, მას დაკავებულები წამებაში ამხელდნენ. წერდნენ, რომ ის აქტიურად მონაწილეობდა მოქალაქეთა დარბევაში პროევროპული აქციების დროს.
ბოლო სკანდალი, რომელიც კალანდაძის სახელს უკავშირდება, ეს არის ბიზნესმენ გელა ბარკალაიას სახლის ყაჩაღობის ბრალებით დაკავებული პირების განცხადებები. ისინი ამბობდნენ რომ პოლიციაში მთელი ღამე სცემდნენ და აწამებდნენ.
თემუკა კალანდაძე ძალოვანი უწყებიდან რამდენჯერმე გაუშვეს, თუმცა, გომელაურმა სისტემაში ისევ დააბრუნა. პოლიციის მაღალჩინოსნს მოქალაქე სექსუალური ძალადობის ბრალდებაშიც ადანაშაულებდა.
2022 წელს, გომელაურმა ბრძანა:
“მერე, დაუდგინდა ბრალი?! ასე შეიძლება, მეც მიჩივლოს ვიღაცამ, რომ გომელაურმა მცემა ან შეურაცხყოფა მომაყენა და მე ბრალდებული ვარ, ხელი როცა არ დამიდია? ასე შეიძლება, ბევრმა უჩივლოს. თემური ნამდვილად ერთ-ერთი წარმატებული ადამიანია, დიდ პატივს ვცემ, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, უკვე დიდი ხანია მაღალ თანამდებობაზე მუშაობს ეს ადამიანი და უბრალოდ, რატომ მოჰყვა ასეთი რეაქცია? შიდა ქართლში მუშაობდა, იქაც დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, გადავიდა კახეთში, კახეთშიც დეპარტამენტის ხელმძღვანელია და ახლა რატომ ატყდა ეს ხმაური? ეს ადამიანი ცუდი ყოფილა თურმე…”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.