ასეულობით ათასი ადამიანი ითხოვს გაირკვეს, რა იარაღი გამოიყენა სერბეთის პოლიციამ აქციის წინააღმდეგ

უკვე თითქმის 600 000 ადამიანი აწერს ხელს ონლაინ პეტიციას, რომლითაც მოითხოვენ, ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება, გამოიყენა თუ არა სერბეთის მთავრობამ ხმოვანი იარაღი, ე.წ. „ხმადამშენი“ შაბათს, 15 მარტს, როდესაც სერბეთში დემონსტრანტთა რაოდენობამ უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია.
პეტიციის ადრესატები გაეროს წარმომადგენლობა და ევროპის საბჭოა.
რამდენიმე დღე გავიდა, რაც დაახლოებით 325 000 ადამიანი გამოვიდა ბელგრადის ქუჩებში.
ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები და ოპოზიციური პარტიები ამტკიცებენ, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ სერბეთის მთავრობამ გამოიყენა ხმოვანი ინსტრუმენტი, რომელმაც მყისიერად გამოიწვია ხანმოკლე პანიკა, ხოლო დემონსტრანტების ნაწილს სიმპტომები აქციის მერეც გაუგრძელდა.
სერბეთის ხელისუფლება და პოლიცია ბრალდებებს უარყოფს და ტყუილს უწოდებს.
15 მარტის საღამოს რამდენიმე ვიდეოში ჩანს ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან, 15 წუთის მანძილზე დუმილით მიაგებენ პატივს სარკინიგზო სადგურზე მომხდარი ნგრევის შედეგად გარდაცვლილებს. შემდეგ კი ჩანს, რომ ხალხის მასა უეცრად იყოფა შუაზე და ადამიანები აქეთ-იქით გარბიან შენობებისკენ. „ასოშიეითიდ პრესი“ წერს, რომ მაგ დროს სიჩუმე გამჭოლმა ხმამ გაარღვია და გარშემო პანიკა გამოიწვია.
პეტიციის ავტორები ამტკიცებენ, რომ ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც დემონსტრანტებზე მასების კონტროლის ინსტრუმენტი მიმართეს. რამდენიმე ადამიანი, რომელიც იმ დროს იქ იმყოფებოდა, მოგვიანებით საკუთარ სოციალურ ქსელებში წერდა, რომ თავის ტკივილი, გულისრევა და ყურებში ხმაური გაუგრძელდათ.
6-მა სერბულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩაწერა, როგორ იხსენებენ იმ დღეს მონაწილე დემონსტრანტები. 3000-ზე მეტი მსგავსი ჩანაწერი არსებობს, სადაც ადამიანები დეტალურად აღწერენ „ძლიერ ხმოვან ზემოქმედებას, რომელსაც თან ახლდა ცხელი ქარივით ტალღა“. ზოგიერთ ხმას აღწერს, როგორც „სიღრმიდან აღმომხდარ ღმუილს“, რომელიც რეაქტიული ძრავის ან გვირაბში მიმავალი მატარებლის ხმას წააგავს, მაღალი სიხშირის წუილის ან აფეთქების თანხლებით.
ორგანიზაციები მოუწოდებენ სერბეთის პროკურატურას, რომ შეაგროვონ იქ მყოფი ადამიანების ჩვენებები, მაგრამ ასევე აღნიშნავენ, რომ ამ მოწმეებს კონფიდენციალურობის გარანტიები სჭირდებათ.
„ამ ჩვენებებზე დაყრდნობით ცხადია, რომ აქციის დროს გამოიყენეს ძლიერი ხმოვანი ზემოქმედების იარაღი, რამაც ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაქციები გამოიწვია იქ მყოფებში. მოვუწოდებთ კომპეტენტურ ინსტიტუტებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ ეს საქმე და მიაწოდონ საზოგადოებას თავისი მიგნებების შესახებ“, — ამბობენ სერბეთის არასამთავრობო ორგანიზაციები.
მათ ყურადღება გაამახვილეს ასევე პოლიციის ერთ-ერთ მანქანაზე, რომელსაც თავზე დიდი დანადგარი ჰქონდა დამონტაჟებული.
სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ამაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ამ დანადგარის გამოყენება ხმადამშენად აკრძალულია, ის არ გამოუყენებიათ და რომ მას იყენებენ მხოლოდ წვრთნების, მზადების დროს, ასევე მაშინ, როდესაც ეს დანაყოფების ფუნქციონირებისთვის არის საჭირო.
სამხედრო ანალიტიკოსი ალექსანდრ რადიჩი მედიასთან ამბობს, რომ დანადგარი ამერიკული წარმოების შორ დისტანციაზე მოქმედი აკუსტიკური ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია მაღალი სიხშირის ბგერითი ტალღები დიდი დაშორებით გადაისროლოს. ექსპერტი ამბობს, რომ ინსტრუმენტის გამოყენება შესაძლებელია მასების კონტროლისთვის, მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მოსაგერიებლად, ანტი-მეკობრული დანიშნულებითაც კი.
სერბეთში მიმდინარე მასშტაბური პროტესტი 2024 წლის ნოემბრის ბოლოს, თითქმის ქართული პროტესტის პარალელურად დაიწყო. პროტესტი ნოვი სადის სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევას და ამის შედეგად ადამიანების დაღუპვას მოჰყვა. ხალხი მოითხოვს გამჭვირვალობას, გამოხატავს მთავრობისა და მზარდად ავტორიტარული მმართველობის მიმართ უკმაყოფილებას. სერბების პროტესტმა პიკს 2025 წლის მარტში მიაღწია. სწორედ 15 მარტს იყო სერბეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური აქცია. ითვლება, რომ ეს პროტესტი არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც მმართველობის მანძილზე სერბეთის პრეზიდენტ ვუჩიჩს ჰქონია.
წაიკითხეთ ასევე:
სერბეთის მთავრობა გადადგა, ივნისში შესაძლოა ახალი ჩატარდეს