მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
დიდებული სამხედრო ოპერაცია განახორციელეს უკრაინელებმა წუხელ. ინტელექტთან შერწყმული სიმამაცე ის დაუძლეველი ძალაა, რომელსაც წინ ვერაფერი დაუდგება. უკრაინამ მოახერხა თავისი ქმედითი ეროვნული ენერგიის სწორად კონცენტრირება და სრულად მიმართა საკუთარი სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობისაკენ.
ამიტომ, ლოგიკურად უნდა გაიმარჯვონ.
JP Morgan-Chase – ის ექსპერტების მიერ გათვლილი შესაძლო სცენარებიდან ყველაზე მაღალი ალბათობა სამხრეთ კორეის ვერსიას უნდა ჰქონოდა, მაგრამ ამერიკელები ჯერ კიდევ ცუდად იცნობენ უკრაინელთა ეროვნულ თავისებურებებს. ასეა თუ ისე, დიდი ალბათობით, უკრაინა ერთდროულად სამხრეთ კორეისა და ისრაელის უნიკალურ მოდელს შექმნის აღმოსავლეთ ევროპაში.
ასეთი მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ვერ და არ ჩატარდებოდა ამერიკულ დაზვერვასთან და სამხედრო ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად. შეტევის წინა დღეს, უკრაინის პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თავის ინტერვიუში განაცხადა, რომ სრულ კოორდინაციაში არიან ამერიკის მთავრობასთან და “გენიალური” უწოდა პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკურ ინტუიციას. ბუნებრივია, მსგავსი მახვილგონივრული დიპლომატიური მჭევრმეტყველება მოხერხებულად გამოიყენა უკრაინის პრეზიდენტის აპარატმა და სავარაუდოდ, უპრობლემოდ მიიღო ნებართვა რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ მასიურ შეტევაზე.
ამერიკის ახალი ფინანსური დოქტრინის ავტორმა, სკოტ ბესენტმა რამდენიმე დღის წინ საჯაროდ შეაქო გერმანიის ახალი პრემიერი და ფინანსთა მინისტრი, “ძალიან გონიერი ადამიანები” უწოდა მათ. პრემიერ მერცის განცხადება, რომ გერმანია უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარების მასშტაბებს და დეტალებს აღარ გაასაჯაროებს და რომ სრულიად უხსნის შეზღუდვებს გერმანული იარაღის გამოყენების დისტანციებს, სრულიად ახალი სამხედრო დოქტრინის დასაბამია, რაც სრულ თანხვედრაშია ახალ ამერიკულ და უკრაინულ ტაქტიკასთან.
ამრიგად, რუსეთის დელეგაციას და პირადად პუტინს მოუწევს ახალი რეალობის გათვალისწინება თავიანთი თავხედური ულტიმატუმების წამოყენებისას.
სასურველი იქნებოდა ქართული ეროვნული ენერგიის კონცენტრირებაც უკრაინული მიმართულებით, თორემ სპორტულ-კულტურულ-ტურისტული ვექტორი დიდად გამოსადეგი ვერ იქნება სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად.
