„არ დავუშვებთ რუსული კანონის მიღებას“ – მედიასაშუალებები ე.წ. აგენტების კანონზე

ათზე მეტი მედიაორგანიზაცია, რომლებიც სარედაქციო დამოუკიდებლობას დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული დაფინანსებით ინარჩუნებენ, აცხადებს, რომ არ დაუშვებენ ე.წ. აგენტების კანონის მიღებას. ამ მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელებმა „ქართული ოცნების“ მიბრუნება ამ კანონპროექტზე თავისუფალი სიტყვის ჩახშობად შეაფასეს.
„რუსული კანონის მთავარი მიზანია დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების განადგურება, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, ტოტალური კონტროლის დამყარება საზოგადოებრივ აზრზე, იმ მედიის გაქრობა, რომელიც ხელისუფლებას ამხელს კორუფციაში, ნეპოტიზმში, სიღატაკეში, ადამიანის უფლებების დარღვევაში, დაპირებების შეუსრულებლობაში“, – განაცხადა „მთის ამბების“ დამფუძნებელმა გელა მთივლიშვილმა.
მედიასაშუალებების ერთობლივი განცხადება სწორედ მან გააცნო ჟურნალისტებს.
ერთობლივ განცხადებას უერთდებიან „ნეტგაზეთი“, „პუბლიკა“, „ტაბულა“, „მთის ამბები“, „სტუდია მონიტორი“ და ა.შ.
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონი გარიყავს ჩვენს ქვეყანას ევროპული ოჯახისგან, ასამარებს დასავლურ მომავალს… ჩვენ არ დავუშვებთ რუსული კანონის მიღებას, ბოლომდე გავუწევთ წინააღმდეგობას და მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ „შეწყვიტოს თავისუფლებაზე თავდასხმა“, – აცხადებენ ჟურნალისტები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ე.წ. აგენტების კანონის მიღებას.
„ქართული ოცნება“ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მ დღეს, 3 აპრილს, გააცნო საზოგადოებას.
როგორც მდინარაძემ თქვა, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.
დეპუტატის თქმით, კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე [ივნისის ბოლო პარასკევი] იქნება სამივე მოსმენით მიღებული.
„ქართულმა ოცნებამ” 2023 წლის მარტში ვერ შეძლო „უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღება.
· პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით 2023 წლის 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა „რუსულ კანონზე“ და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე. საპროტესტო აქციებზე ათობით მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მათ შორის ერთ-ერთმა ცალ თვალში დაკარგა მხედველობა.
· „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს „რუსული კანონის“ და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
· საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაეწვია პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეგლამენტის თანახმად, 2023 წლის 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი აღნიშნულ კანონპროექტს და ჩააგდო.
2023 წლის 12 დეკემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის” ანალოგის შექმნის მოწოდებით გამოვიდა „ხალხის ძალის” და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი . დეპუტატი აცხადებდა, რომ სასწრაფოდაა საჭირო არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი წინასწარი ფინანსური შემოწმება.

ასევე დაგაინტერესებთ