ფემინისტური და ქვიარ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია GrlzWave-ში აცხადებენ, რომ “ქართული ოცნების” რეპრესიული კანონების სამიზნეები გახდნენ. კონკრეტულად, ორგანიზაციამ ანტიკორუფციული ბიუროსგან მიიღო წერილი ე.წ. გრანტების შესახებ კანონის ფარგლებში მონიტორინგის შესახებ.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ კანონის კონსტიტუციასთან შეუსაბამობისა და რეპრესიული შინაარსის მიუხედავად, ის არ დაურღვევიათ, ამიტომ ბიუროს მოთხოვნებს აბსურდულს უწოდებენ.
“2019 წელს დაბადებული “გრლზვეივიც”, რომელიც წლებია ბევრი ადამიანის უდიდეს შრომაზე, შფოთვაზე, თეთრად გათენებულ ღამეებზე, ერთმანეთის მხარდაჭერასა და გვერდში დგომაზე დგას, საბოლოოდ მოხვდა “ქართული ოცნების” სამიზნეში. არ გვიკვირს, რომ ჩვენი არსებობა, ქალების ერთიანობა და ახალგაზრდული ფემინისტური მოძრაობა, რომელიც წლებია საგანმანათლებლო, შემეცნებით თუ ანალიტიკურ მასალას ქმნის, საფრთხეს წარმოადგენს რეჟიმისთვის, რადგან სწორედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და სოციუმში ემპათიის, სოლიდარობისა და ერთიანობის გაღვივებაა ჩვენი მიზანი და სწორედ ამ ერთიანობის ეშინიათ მათ. არ გვიკვირს, რომ ჩვენი არსებობა საფრთხეს წარმოადგენს რეჟიმისთვის, რომელსაც ამ ქვეყნის ათობით ახალგაზრდა, მათ შორის, სრულიად უდანაშაულო ქალი პოლიტპატიმრები ციხეში ჰყავს უკანონოდ ჩაკეტილი. რამდენიმე ფაქტი, თუ რატომ არის ანტიკორუფციულის მოთხოვნა აბსურდული: დავასრულეთ ყველა პარტნიორობა და პროექტი; ვმუშაობთ მოხალისეობრივად; თვეებია არ გვქონია არანაირი ჩარიცხვა; არანაირი ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება არ არსებობს, თუ რატომ უნდა გამოითხოვოს ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენგან რამე ტიპის მასალა; ყველაფერი, რაც გვიკეთებია საჯაროდ დევს, უბრალოდ “ჩამოსქროლვაა” საჭირო; “გრანტების შესახებ” კანონი, ისევე როგორც სხვა ბოლო პერიოდში მიღებული კანონები, საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციების გაჩუმებას და სამოქალაქო საზოგადოების სრულად გაქრობას. მადლობა ყურადღებისთვის. მეგობრებს კი მადლობა მხარდაჭერისთვის – თქვენი იმედი გვაქვს! ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ გადარჩენისთვის!” – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
ინფორმაცია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველი კანონების რეპრესიული აღსრულების ახალი ეტაპი დაიწყო გუშინ, 22 სექტემბერს გავრცელდა. 30-მდე სამოქალაქო ორგანიზაციის ერთობლივი განცხადებაში წერია, რომ “რაჟდენ კუპრაშვილი [ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი] ორგანიზაციებისგან მოითხოვს 2025 წლის 16 აპრილის შემდეგ პერიოდში ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კატეგორიის მოცულობით ინფორმაციას ისე, რომ ფორმალურადაც კი არ იცავს „გრანტების შესახებ“ კანონით დადგენილ პროცედურას […] რაჟდენ კუპრაშვილის წერილის საპასუხოდ ადრესატმა ორგანიზაციებმა წერილობით განუმარტეს, რომ ბიურო არღვევდა „გრანტების შესახებ“ კანონს და ასევე აცნობეს, რომ კანონში შესული რეპრესიული ცვლილებების ამოქმედების შემდეგ არ ჰქონდათ მიღებული ახალი საგრანტო ხელშეკრულებები და არც ძველ ხელშეკრულებებში შეუტანიათ ცვლილებები. შესაბამისად, მათზე „გრანტების შესახებ“ კანონით დადგენილი მონიტორინგის პროცესის დაწყება უკანონო იყო”.
ამავე თემაზე:
· მივიღეთ სპეციალური წერილი ანტიკორუფციული ბიუროდან – „კავკასიური სახლი“
· ანტიკორუფციული ბიურო EPRC-საც ემუქრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით



