“ართვინის ისტორიული ნაწილ მაჭახელადან მოსული გუნდარიძის გვარის ბაბუის და ბებიისაგან ნასწავლი ქართული სიმღერები მამამ ჩვენ შეგვასწავლა”

პროექტი „საქართველო დამაქვს გულით“, ემსახურება ქართულ-აფხაზურ-ლაზური კულტურის პოპულარიზაციას, ხალხთა შორის მეგობრობას სახალხო დიპლომატიის გზით და საქართველო-თურქეთს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.

მიმდინარე წლის 20 აპრილს ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრის საკონცერტო დარბაზში იგეგმება კონცერტი: ბაიარ შაჰინი და „სამიდა“. სტამბოლიდან თბილისში ჩამოდიან თურქეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი ბაიარ შაჰინი და მისი სამი ქალიშვილი (ანსამბლი „სამიდა“).

ანსამბლი „სამიდა“ 2016 წელს გამოჩენილი ხელოვანის და მუსიკოსის, ბაიარ შაჰინის ქალიშვილებმა, იუდუმ, დამლა და თამარა შაჰინებმა დაარსეს. დების მთავარი მიზანი ქართული სიმღერისათვის დამახასიათებელი მრავალხმიანობის თურქულ ხალხურ სიმღერებში გამოყენება და ქართული სიმღერის პოპულარიზებაა; ასევე, ქმნიან ახალ სიმღერებს. იუდუმ შაჰინი უკრავს გიტარაზე, ჩელოსა და ფანდურზე, დამლა – სალამურზე ფლეიტასა და დუდუკზე, თამარი კი – ვიოლინოზე.

“ანსამბლ „სამიდის“ რეპერტუარს ძირითადად შეადგენს ქართული სიმღერები. გამოცემული აქვთ რამდენიმე ალბომი. კონცერტზე შესრულდება ქართული და თურქული ტრადიციული სიმღერების ხალხური და საესტრადო ვარიანტები. ბაიარ შაჰინს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული ესტრადისა და სამუსიკო ხელოვნების განვითარებაში, მისი ძალზედ ორიგინალური საშემსრულებლო ხასიათის და სტილის გათვალისწინებით. რეპერტუარი მოიცავს ქართულ, აფხაზურ და ლაზურ სიმღერებს, რომლებსაც საგანგებოდ აგროვებს თურქეთის ქართულ სოფლებში, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია ტრადიციული ქართული ფოლკლორის მნიშვნელოვანი ელემენტები,”-  განაცხადა საერთაშორისო ორგანიზაცია „სახალხო დიპლომატიის“ პრეზიდენტმა ნინო ანდრონიკაშვილმა.

საღამოს დაესწრებიან საქართველოსა და თურქეთში მოღვაწე საპატივსაცემო ადამიანები, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მეცნიერები და ხელოვანები, ქართული ხალხური სიმღერით დაინტერესებული ფართო საზოგადოება, მასწავლებლები, მუსიკოსები, მხატვრები, დან იძულებით გადაადგილებული პირები, ბავშვთა და მოხუცებულთა სახლების ბენეფიციარები.

ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო ორგანიზაცია „სახალხო დიპლომატია“. ღონისძიების მხარდამჭერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ქალაქ თბილისის მერია.

ბაიარ შაჰინი (გუნდარიძე) დაიბადა 1965 წელს თურქეთში, ართვინის ვილაიეთის სოფელ ჯამილიში (მაჭახელი). 13 წლის ასაკში სტამბულში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ მალე მამა გარდაეცვალა და გერმანიაში წავიდა. იქიდან დაბრუნების შემდეგ სწავლა დაიწყო სტამბულის უნივერსიტეტის სახელმწიფო კონსერვატორიაში. ბაიარ შაჰინი ძალზე პოპულარულია, როგორც თურქეთში, ასევე საქართველოში. მისი ალბომები თურქული, ლაზური და ქართული სიმღერებით არის გაჯერებული. ბაიარ შაჰინი საგანგებოდ დადის თურქეთის ქართულ სოფლებში და რუდუნებით აგროვებს ჯერ კიდევ შემორჩენილ ტრადიციულ ქართულ სიმღერებს. მას სურს ეს სიმღერები გააცნოს თურქეთს, საქართველოს და მთელ მსოფლიოს.

2002 წელს ბაიარ შაჰინმა დააარსა მუსიკალური ჯგუფი „მშვიდობის მეგობრები“. თურქეთში მომღერალს ჩაწერილი აქვს სამი ალბომი“ „მიწვევა ხორუმზე“, „ქარს“ და „ბანი“. 2005 წელს გამოვიდა მისი პირველი ალბომი საქართველოში. სტუდია “თბილისმა”  გამოსცა ალბომი “ჯიველოი”, რომელშიც შევიდა ისეთი პოპულარული სიმღერები, როგორებიცაა “ჯიველოი”, “განდაგანა”, “ელია გოგო – სამშალახო” და სხვა.

ბაიარი საკუთარ რეპერტუარში იყენებს ისეთ საკრავებს, როგორებიცაა – ფანდური, ჩონგური, დუდუკი, გარმონი, სალამური, დოლი, დარჩელო, ქამანჩა, გუდასტვირი, გიტარა და ა. შ. მისი შემოქმედება კავკასიურ ანატოლიურ კულტურათა სინთეზია.

დღეს სამი დის – თა­მა­რა, იუ­დუმ და დამ­ლა შა­ჰი­ნე­ბის მუ­სი­კა­ლურ შე­მოქ­მე­დე­ბას ფარ­თო აუ­დი­ტო­რია ტრი­ოს სა­ხით იცნობს, სა­ხელ­წო­დე­ბით SAMIDA (სამი და). მათ შე­მოქ­მე­დე­ბას დიდ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს თურ­ქუ­ლი ტე­ლე­მე­დი­აც.

2006 წელს თბილისში შედგა ბაიარ შაჰინის (გუნდარიძის) შემოქმედებითი მოღვაწეობის 20 წლისადმი მიძღვნილი საღამო, რომელზეც მომღერალსა და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქის პასპორტები გადაეცა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან  “ვინ არიან ბაიარ შაჰინის ულამაზესი ქალიშვილები და აპირებენ თუ არა საქართველოში გათხოვებას”, რომელსაც საიტი mshoblebi.ge აქვეყნებს (2018წ.)

– როგორ გარემოში იზრდებოდით და როგორ აითვისეთ ქართული ენა და სიმღერები?

– მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სამივე დავიბადეთ თურქეთის კოსმოპოლიტურ ქალაქი სტამბულში, ვიზრდებოდით ქართული ენის, ქართული მუსიკის, ქართული სამზარეულოსა და ქართული ცეკვის სიყვარულით და ყოველდღიურად ვცხოვრობდით ამით. ართვინის ისტორიული ნაწილ მაჭახელადან მოსული გუნდარიძის გვარის ბაბუის და ბებიისაგან ნასწავლი ქართული სიმღერები მამამ ჩვენ შეგვასწავლა.

– დედაზე გვიამბეთ…

– ის ჩვენი ანგელოზია, ჩვენს აღზრდაში დიდი წვლილის მქონე დედა – მიჰრიე შაჰინ კორტანიძე თავიდანვე გვაჩვევდა ქართულ კულტურას, ქართულ ადათ-წესებს! შემდეგში გაგვაცნო ქართული სამზარეულო და უგემრიელეს ქართულ კერძებს ჩვენთან ერთად ამზადებდა. ჩვენც გვასწავლა მომზადება. ერთი სიტყვით, დედა ჩვენი კეთილგანწყობის და სიხარულის წყაროა და ხანდახან სახლში ისე საოცრად მღერის, რომ არა მხოლოდ ჩვენ – სამ დას, არამედ მამას – ბაიარ შაჰინსაც აჯობებს.