„არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა, არც ერთი ჩემპიონატი“ — ქოჩორაშვილი

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების, ბუდუ ზივზივაძისა და გიორგი ჩაკვეტაძის შემდეგ, საქართველოში მიმდინარე ანტირუსულ აქციებს მხარდაჭერა გამოუცხადა ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმაც.
„თავისუფლება ძალაა, რომელიც ღმერთმა მოგვცა და ეს თავისუფლება არის ის, რასაც თითოეული ქართველი ფლობს. ის 26 მარტის დღე, რომლის დროსაც ყველა ბედნიერი იყო, ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვზეიმობდით, არ გამქრალა და ჩვენს გულში ინახება.
მაგრამ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა, არც ერთი ჩემპიონატი და არც ერთი სპორტული ღონისძიება. დიდება და თავისუფლება საქართველოს და არა ძლადობას!!! არა რუსეთს!!! საქართველოს გზა ევროპაშია. მე ვარ საქართელო,“ — წერს ქოჩორაშვილი ინსტაგრამზე.
2023 წლის 7-9 მარტის მოვლენების შემდეგ, როცა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამო “ქართულმა ოცნებამ” თავისივე მხარდაჭერილი კანონპროექტი ჩააგდო, პირობაც დადო, რომ რუსულ კანონი დღის წესრიგში აღარასდროს დაბრუნდებოდა. მმართველმა პარტიამ ეს პირობა ერთ წელში დაარღვია და 2024 წლის აპრილში იგივე კანონი განსხვავებული სახელწოდებით კვლავ დააინიციირა.
ყველა საერთაშორისო პარტნიორის კრიტიკისა და ქვეყნის შიგნით მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, 1-ელ მაისს პარლამენტმა კანონი უკვე მეორე მოსმენით მიიღო. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, კანონს მესამე მოსმენით დაახლოებით 2 კვირაში მიიღებენ, 4 კვირაში კი დაძლევენ პრეზიდენტისგან მოსალოდნელ ვეტოს.
რუსული კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის -ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

ასევე დაგაინტერესებთ