„ამ დასანანი შეცდომის გამოსწორება მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი“ – ნაკრების ფეხბურთელები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, მათ შორის, გურამ კაშია, საბა კვირკველია და ოთო კაკაბაძე ეროვნული ნაკრების პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩის გარშემო არსებულ ვითარებას განცხადებით ეხმაურებიან.
„დასანანი შეცდომა იყო დაშვებული, რომელმაც როგორც ფეხბურთელებს, აგრეთვე გულშემატკივრებს ძალიან გული დაგვწყვიტა. ვფიქრობ, ამ ყველაფრის გამოსწორება მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი, როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ხვიჩას დანაკლისი, რა თქმა უნდა, უდიდესი იქნება პლეიოფის შეხვედრაში, მაგრამ თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ 21 მარტის თამაში წარმატებით დავასრულოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი თანაგუნდელებისთვის, ასევე ჩვენი გუნდის წევრის შეცდომა ჩვენვე გამოვასწოროთ ერთიანობით. ყველას გელოდებით ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ისტორიულ შეხვედრაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.
მანამდე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამი ყვითელი ბარათის გამო კვარაცხელია მომდევნო მატჩს გამოტოვებდა.
კვარაცხელიამ ყვითელი ბარათები შესარჩევ ციკლში ესპანეთთან, შოტლანდიასთან და ისევ ესპანეთთან (სტუმრად) მიიღო. უეფას რეგლამენტის თანახმად, საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული დისკვალიფიკაცია პლეი-ოფის რაუნდზეც გადადის.
საქართველოს ნაკრები 2024 წლის მარტში ორ დაპირისპირებას გამართავს და ორივეში გამარჯვების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ასევე დაგაინტერესებთ