ამოქმედდება თუ არა ენერგეტიკული ბირჟა 1 ივლისს – რას პასუხობს მინისტრი

გადავადდება თუ არა ენერგეტიკული ბირჟის გახსნა მეშვიდედ, კვლავ უცნობია. ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს bm.ge-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, რომ გუშინ, პარლამენტში ელექტროენერგეტიკულ ბირჟაზე საუბრისას არ დაუკონკრეტებია ამოქმედების კონკრეტული ვადა და ხომ არ არის მორიგი ცვლილება თარიღში, თუ ბირჟა ფუნქციონირებას 1 ივლისიდან დაიწყებს. კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით დავითაშვილს კვლავ არაფერი უთქვამს.
“ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები ჩვენს პარტნიორებთან, რომ ეტაპობრივად მოხდეს ბაზრის ლიბერალიზაცია. ამაზე გვქონდა ჩვენ გუშინ (პარლამენტში გამოსვლის დროს) საუბარი. ეს არის ყველაზე რთული რეფორმა, რომელიც ბევრმა ქვეყანამ გაიარა საკმაოდ ფრთხილად და დასჭირდა საკმაოდ გრძელვადიანი პერიოდი. იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ეკონომიკის დაზიანება და ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვანი რყევები, რაც საბოლოოდ აისახება ყველა სექტორზე. ჩემთვისაც ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როდესაც ვსაუბრობთ ამოქმედების გადავადებაზე ეს არ იყო ჩვენი ცალმხრივი გადაწყვეტა. იყო სექტორის მოთხოვნები და თხოვნები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საექსპორტო დარგები ჩვენი ეკონომიკისთვის, რომელთა თხოვნები და ლეგიტიმური პოზიციები ჩვენ გავითვალისწინეთ. ამიტომ, ახლა ჩვენ შემოგვაქვს ვაჭრობის ეს რეჟიმი, რომელიც დამუშავებულია სიმულაციურ პირობებში და სიმულაციური რეჟიმიდან გადავდივართ რეალურ რეჟიმში. აქტორები პირველ ეტაპზე სავაჭრო ოპერაციებში იქნებიან ნებაყოფლობითი პრინციპით და ჩვენ გარკვეული დრო დაგვჭირდება რომ სრულად ლიბერალური იყოს ეს ბაზარი”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
გუშინ, “მინისტრის საათის” ფორმატში დავითაშვილმა შემდეგი რამ თქვა – “ამოქმედდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას. ეტაპობრივად მოხდება მსხვილი მომხმარებლების ბაზარზე გაყვანა, მათი მოხმარების სიდიდისა და ძაბვის მიხედვით”.
შეგახსენებთ, საქართველოში ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება ჯერ კიდევ 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო, თუმცა მისი გახსნა 6-ჯერ გადავადდა. დღით ადრე ბაზრის, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისა და დღიური ბაზრის გაშვება ამჯერად 2024 წლის 1 ივლისს არის დაგეგმილი. ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, გადავადების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი რეგიონში არსებული გამოწვევებია.
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ