ამომრჩევლებს, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის საჭიროება აქვთ, ცესკო-სთვის მიმართვა დღეს, 18:00 საათამდე შეუძლიათ.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, დღეს იწურება, ასევე, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლების განაცხადების მიღებაც, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობის მიღება შესაბამისი ოლქის საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე შეუძლიათ.
ცესკო-ს პრესსპიკერმა განმარტა, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომელსაც გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობა სურს. იოსელიანის თქმითვე, აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ ასაკოვან, ან კრიტიკული ჯანმრთელობის მქონე პირებს არ შეუძლიათ.
„ამომრჩევლებს, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ კენჭისყრის შენობაში მისვლა, ან საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე იმყოფებიან, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას, უფლება აქვთ, გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის სერვისით ისარგებლონ. ასეთი ამომრჩევლები ვალდებული არიან, დღეს, 18:00 საათამდე ზეპირი, სატელეფონო, ან წერილობითი განცხადებით მოგვმართონ. თუკი ამომრჩეველს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად არ შეუძლია, ეს ნებისმიერმა სხვა პირმა შეიძლება მის ნაცვლად გააკეთოს და გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობა მოითხოვოს.
მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა იცოდეს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი, ის გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობის სერვისს მოითხოვს და არჩევნების დღეს უბანზე გამოცხადდება, არჩევნებში უბანზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. ის ვალდებულია, გადასატან საარჩევნო ყუთს სახლში დაელოდოს, რომელიც დღის განმავლობაში მასთან მივა“, – აცხადებს იოსელიანი.
ამასთან, მისივე თქმით, ამომრჩეველს გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა იმ შემთხვევაშიც შეუძლია, როცა ის მაღალმთიან რეგიონშია, ან ძნელად მისადგომ, რთული რელიეფის ტერიტორიაზე იმყოფება.
„ეს ახალი ჩანაწერი არ არის, კანონში ადრეც ეწერა. ბუნებრივია, ეს არ ეხება ისეთ უბნებს, რომელიც დედაქალაქში, თვითმმართველ ქალაქებში, ან მუნიციპალურ ცენტრებშია განთავსებული, ეს შესაძლებელია ისეთი საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე იყოს, მაგალითად, მაღალმთიან რეგიონში, მიუდგომელ ადგილას. ქალაქში ასეთი პრაქტიკა არ გვაქვს“, – განაცხადა იოსელიანმა.
მან, ასევე, განმარტა, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ამომრჩეველი, როცა ის გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას ითხოვს.
„მათ ჯანმრთელობის ცნობის, ან რამე მსგავსის წარდგენა არ მოეთხოვებათ, უბრალოდ, მითითებული იქნება ამომრჩევლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, სატელეფონო შეტყობინების დრო, თუ ეს სატელეფონო შეტყობინებაა, ასევე ინფორმაცია, თუ სად ითხოვს ამომრჩეველი გადასატანი ყუთით მომსახურებას. შესაძლებელია, პირი უბნის ტერიტორიაზე, სხვა მისამართზე ითხოვდეს გადასატანი ყუთის მიტანას. ასეთ ამომრჩეველს უბნის არეალში განსხვავებულ მისამართზე შეუძლია იმყოფებოდეს. მაგალითად, ერთ სადარბაზოში ცხოვრობდეს პირი, მაგრამ მეორე სადარბაზოში იყოს შვილთან, ეს უბნის საზღვრებს არ უნდა იყოს გაცილებული. თუკი, პირი მაგალითად, ისანშია რეგისტრირებული, ის გადასატან საარჩევნო ყუთს ვაკეში, ან საბურთალოს ოლქში ვერ მოითხოვს. რა მისამართზეც მოითხოვს ამომრჩეველი გადასატან საარჩევნო ყუთს, იმ მისამართზე უნდა დაელოდოს, გადასატანი საარჩევნო ყუთი დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე უბნის არეალში, მისამართების მიხედვით მოძრაობს და ბუნებრივია, ერთბაშად ყველასთან ვერ მივა დილის საათებში, რადგან მათ მოძრაობის გრაფიკი, მარშრუტი აქვთ გაკეთებული. ამომრჩევლები ვალდებული არიან, კონკრეტულ მისამართზე იყვნენ და დაელოდონ. ხშირად შემოდის ზარები, გადასატანი ყუთის სიაში ვარ და ჯერ არ მოსულან, რა ხდებაო.
ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის მომენტიც, რომ ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობის 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს გადასატანი სარჩევნო ყუთის მოთხოვნა. მაგალითად, თუ საარჩევნო უბანი 3000 ამომრჩევლიანია, აღნიშნულის 3%-ს თუ აღემატება ამომრჩევლების მომართვიანობა, ამ შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისია ოლქს აწვდის ინფორმაციას და საოლქო საარჩევნო კომისია მსჯელობს ასეთი ტიპის ამომრჩევლების გადასატანი ყუთის სიაში შეტანაზე.
ასევე მინდა იცოდეთ, რომ როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, ასევე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებს, დამკვირვებლებს იმის უფლება აქვთ, გადაამოწმონ აღნიშნული ამომრჩევლები ნამდვილად არიან თუ არა იმ სტატუსის მატარებლები, რა სტატუსითაც ისინი გადასატანო საარჩევნო ყუთის სიაში მოხვდნენ. ეს სია საჯაროა და ამ სიის მიხედვით მიდიან კონკრეტულ მისამართებზე და ამოწმებენ, ნამდვილად არის თუ არა აღნიშნული ამომრჩეველი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ისეთ სიტუაციაში, რომ საარჩევნო უბანზე მოსვლა არ შეუძლია. თუკი, გონივრული ეჭვი გაჩნდა, ან შესაბამისი შეტყობინება შემოვიდა, ამის გადამოწმება მოხდება, მსგავსი პრაქტიკა გვქონია.
საუბარი არ არის, რომ მაინც და მაინც ასაკოვანი ადამიანი იყოს, შესაძლოა, პირს კიდური ჰქონდეს მოტეხილი, ან ოპერაცია ჰქონდეს ჩატარებული და გადაადგილება უჭირდეს. ხშირად, ჰგონიათ, რომ ეს საკითხი ასაკთანაა მიბმული. თუმცა, არის შემთხვევები, როცა 80-90 წლის ამომრჩევლები საარჩევნო უბანზე თავის ფეხით მოდიან. პირდაპირ წერია, რომ ეს ის ამომრჩეველთა კატეგორიაა, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ საარჩევნო უბანზე მოსვლა.
ასევე მოგახსენებთ, რომ ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლების მომართვიანობის ვადაც დღეს იწურება. ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს უფლება აქვთ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი ოლქის საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე. მათ თუ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, დღეს, ასევე 18:00 საათზე იწურება მომართვიანობის ვადა“, – განაცხადა იოსელიანმა.