“ამიტომაც არის ბრიყვი ის, ვინც კანონს უჭერს მხარს და იმედი აქვს, თვითონ სუფთა გამოძვრება” – შუღლაძე

კანონები, რომელიც კონტროლსა და ზეწოლას ისახავს მიზნად, მიღების მერე, რაღაც ხანი ზედაპირზე აღარ ჩანს ხოლმე. არ უნდა გვეგონოს, რომ ამ კანონებით ეგრევე საჯაროდ მოხდება ხალხისა და ორგანიზაციების გასამართლება და ხალხი ცხელ გულზე მიტინგებს გააგრძელებს. მისი მიმღები ისე მოიქცევა, რომ ხალხს ეს მიავიწყდეს… და ამის მერე დაიწყება პროცესი. კაფკას „პროცესი“ ამის უმშვენიერესი მაგალითია. ვისი და რისი გასამართლება მოხდება ამ კანონით, ჩვენ ვეღარ გავიგებთ. ჩვენ ვეღარ დავესწრებით ყველა პროცესს, სადაც ეს კანონი იქნება გამოყენებული. როგორც „პროცესშია“, მიმღებს საერთოდ ვერ ვნახავთ, იქნება მანქანა, დღეს ერთი პროკურორი, ხვალ მეორე მოსამართლე და ვერცერთი ადამიანი ამას ვერ გაუძლებს. პროტესტი შეუძლებელი გახდება. ის კი იმუშავებს, მოახდენს ზეწოლას, დაბლოკვას, კონტროლს…
და აქ ერთ პარადოქსს წავაწყდებით: ისინი, ვინც ახლა უჭერენ მხარს, ადრე თუ გვიან, თავად მოხვდებიან ამ წნეხში (ხომ გახსოვთ, ვინც ხვრეტდა, მერე ისინი დახვრიტეს). მათი ახლობლები და ნათესავები დაიჩაგრებიან. და ვერც ისინი მიხვდებიან უკვე, რა იყო ამის მიზეზი. უფრო მეტიც: მთავრობა, რომ შეიცვალოს და ახალმა მთავრობამ კანონი არ გააუქმოს (ახლა არ მითხრათ, რატომო), თავად ახალი ხელისუფლება გამოიყენებს ამ კანონს უკვე თავის სასარგებლოდ. ხვდებით? ვინც ამ კანონს მიიღებს, თავად აღმოჩნდება მოღალატე, ასეთი ბოროტული ბერკეტი კი სხვის ხელში გადავა. ამიტომაც არის ბრიყვი ის, ვინც კანონს უჭერს მხარს და იმედი აქვს, თვითონ სუფთა გამოძვრება. შანსი არ ექნება, არანაირი.

ასევე დაგაინტერესებთ