ამერიკის კიდევ ოთხი საპრეზიდენტო კანდიდატი

2024 წლის 5 ნოემბერს, ამერიკის მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს აირჩევს. ორი მთავარი პარტიიდან, საარჩევნო ბიულეტენზე, ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან 81 წლის დემოკრატი პრეზიდენტი და 77 წლის ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტი .
პოლიტიკური მიმომხილველები ისტორიულ რევანშისტულ დუელზე საუბრობენ, რომლის მსგავსი პრეცედენტი ქვეყანაში თითქმის 70 წელია არ ყოფილა. თუმცა, კენჭისყრაში სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებიც მონაწილეობენ. ქვემოთ მათ სრულ სიას გთავაზობთ.
რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი
საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობს კენედების ოჯახის წევრი, უმცროსი რობერტ ფ. კენედი. მამამისი სენატორი რობერტ ფ. კენედი იყო, ბიძა კი ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯონ ფ. კენედი.
იდეოლოგიური განსხვავებების გამო, პრეზიდენტ კენედის ოჯახის წევრები მასთან ასოცირებამ გაანაწყენა, რის გამოც რობერტ კენედის ბოდიშის მოხდაც კი მოუწია. მან თავის დროზე სახელი გაითქვა, როგორც ანტივაქსერმა აქტივისტმა და გარემოს დამცველმა.
პოლიტოლოგების აზრით, 70 წლის კენედის, საყოველთაო არჩევნებზე შეუძლია ხმები წაართვას როგორც ტრამპს, ისე ბაიდენს. ამას “როიტერის” და “იფსოსის” ბოლო კვლევაც ადასტურებს, რომელიც 14 მარტს გამოქვეყნდა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ კენედის ამერიკელ ამომრჩეველთა 15%-იანი მხარდაჭერა აქვს.
მარიან უილიამსონი
71 წლის ცნობილი მწერალი, მარიან უილიამსონი ერთადერთი დემოკრატია, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გარდა, ვინც პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ჯერ კიდევ იბრძვის. უილიამსონის საპრეზიდენტო კამპანიის სლოგანია “სამართლიანობა და სიყვარული”.
რესპუბლიკურ პარტიაში ტრამპის გარდა, სხვა საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავთ. ნიკი ჰეილიმ, მისმა ბოლო კონკურენტმა, მარათონი მარტის დასაწყისში დატოვა.
მარიან უილიამსონს მოგების შანსი თითქმის არ აქვს, რადგან შიდაპარტიული არჩევნების შედეგებით, ბაიდენს დელეგატთა საჭირო ხმების რაოდენობა უკვე აქვს. უილიამსონმა მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნების დასაწყისში, 2020 წელსაც მიიღო, თუმცა მარათონი მაშინ მალევე დატოვა.
მწერალმა ქალმა ცოტა ხნის წინ, მარათონში მონაწილეობა ისევ გადაიფიქრა. მაგრამ, უილიამსონი ერთი თვის შემდეგ დაბრუნდა და თქვა, რომ გადაწყვიტა, დაუპირისპირდეს ტრამპის “ბნელ და ავტორიტარულ ხედვას”.
კორნელ უესტი
პოლიტიკური აქტივისტი და ცნობილი ფილოსოფოსი კორნელ უესტი დამოუკიდებელი კანდიდატია. 70 წლის აკადემიკოსმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, თავიდან, განაცხადი მწვანეთა პარტიიდან შეიტანა.
გასული წლის ოქტომბერში მან თქვა, რომ ხალხი გადაღლილია პარტიული პოლიტიკით. ამიტომაც, უესტმა არჩევნებში უპარტიოდ, დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობა გადაწყვიტა.
უესტი ამომრჩევლებს ჰპირდება, რომ ქვეყანაში სიღარიბეს დაასრულებს და უსახლკარობის პრობლემას მოაგვარებს. საკუთრი პლატფორმით, ის უფრო ულტრამემარცხენეა და სავარაუდოდ, დემოკრატებს შორის მყოფ, ე.წ. პროგრესისტთა ხმებს მოიპოვებს.
ჯილ სტაინი
მწვანეთა პარტიიდან არჩევნებში მონაწილეობის მიღება კიდევ ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯილ სტაინმა გადაწყვიტა. რუსი იმიგრანტების შთამომავალი, პოლიტიკაში ჩართვამდე, ექიმი იყო. მან მწვანეთა პაარტიიდან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 2012 და 2016 წლებშიც მიიღო.
თავიდან სტაინი, კორნელ უესტის მხარდამჭერი გახლდათ. მას შემდეგ, რაც უესტმა მწვანეთა პარტიის წარმომადგენლობა გადაიფიქრა და დამოუკიდებელი კანდიდატი გახდა, გადაწყდა, რომ 2024 წლის არჩევნებზე, პარტიას 73 წლის ჯილ სტაინი წარადგენს.
ის თვლის, რომ დემოკრატებმა უღალატეს თავის მნიშვნელოვან დაპირებებს, რომლებიც “მშრომელ ხალხს, ახალგაზრდობას და კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლას” უკავშირდებოდა. ამასთან, სტაინის თქმით, ეს ხდება მაშინ, როცა რესპუბლიკელებს მსგავს დაპირებათა გაკეთება არც კი უფიქრიათ.

ასევე დაგაინტერესებთ