ალეკო ელისაშვილი კობახიძეს – ორი ხაჭაპურის ფასად ნუ დავაფასებთ ამ მაგარი ხალხის, ვეტერანების თავგანწირვას – მხრებში გაშალეთ ეს ხალხი

ორი ხაჭაპურის ფასად ნუ დავაფასებთ ამ მაგარი ხალხის თავგანწირვას, მხრებში გაშალეთ ეს ხალხი, – ამ სიტყვებით „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერობის კანდიდატს, ირაკლი მიმართა და აღნიშნა, რომ ვეტერანების დახმარება სამარცხვინოდ დაბალია.
ელისაშვილმა კორუფციასთან დაკავშირებით კითხვით მიმართა კობახიძეს და ჰკითხა, სინამდვილეში რატომ გაუშვა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის თავმჯდომარე, და იყო თუ არა ამის მიზეზი კორუფცია.
„გამოჩნდა ივანიშვილი, ისაუბრა კორუფციაზე, ანტიკორუფციულის ხელმძღვანელი აანონსებს, რომ იწყებს კორუფციის ფაქტების შესწავლას და თანამდებობას ტოვებს პრემიერი. პარლამენტში ვართ, მთელი ქვეყანა გვიყურებს, დაგვდეთ პატივი და გვითხარით სინამდვილეში რატომ გაუშვა ივანიშვილმა ღარიბაშვილი და იყო თუ არა აქ შუაში, თავში ან ბოლოში კორუფცია?
მთავრობის ეს შემადგენლობა თქვენ, თითქმის უცვლელად წარადგინეთ, მხოლოდ ერთი კაცი იცვლება – თავდაცვის მინიტრი, ლიბერალიზმთან მედგრად მებრძოლი ჯუანშერ ბურჭულაძე. რატომ არ არის თქვენს გუნდში ლიბერალიზმის რისხვა ბურჭულაძე? აქაც უამრავი ჭორია და კითხვები ძირითადად კორუფციას ეხება, ასეა თუ არა? რა დაუწუნეთ ჯუანშერ ბურჭულაძეს და რატომ მიანიჭეთ უპირატესობა ირაკლი ჩიქოვანს?
კიდევ ერთი კითხვა, უფრო სწორად თხოვნა, ხვეწნა, მუდარა მაქვს თქვენთან ბატონო პრემიერო და არ მომერიდება, ეს ეხება ვეტერანებს. ღარიბაშვილმა ერთი კარგი, რაც გააკეთა 100 ლარამდე გაიზარდა ვეტერანების თანხა და ეს დასაფასებელია. მაგრამ გადავხედოთ ფასებს, გუდაურში ერთი ხაჭაპური ღირს 45 ლარი. ანუ რას ვეუბნებით ამ ღვაწლმოსილ ხალხს, რომლებიც საქმე საქმეზე რომ მიდგა ზოგი ორლულიანი თოფით წავიდა და გადაეფარა საქართველოს, ზოგი მოკვდა, ზოგი დასახიჩრდა ფიზიკურად და სულიერად. ღირსეული ამბავი იქნება, რომ ორი ხაჭაპურის ფასად ნუ დავაფასებთ ამ მაგარი ხალხის თავგანწირვას, მხრებში გაშალეთ ეს ხალხი, რომ ადამიანური თანხა ჰქონდეთ, ბავშვი მიჰყავთ სასეირნოდ და ელემენტარული ვერ უყიდიათ…” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მან კულტურის მინისტრობის კანდიდატსაც მიმართა და აღნიშნა, რომ გელათთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრომ დააშავა, მისი მოგვარება კი საპატრიარქოს გადააბარა.
მისივე თქმით, ბახმაროში წამოწყებული პროექტი მის უნიკალურობას გაანადგურებს და ამასთან დაკავშირებით სასწრაფოდ ზომებია მისაღები.
“მინდა ქალბატონ თეა წულუკიანს მივმართო, გაოგნებული ვარ გელათზე რაც თქვით, ანუ სეკულარულ სახელმწიფოში აღარ ვცხოვრობთ ქალბატონო თეა? ძეგლთა დაცვის სააგენტო გავაუქმეთ? მთლიანად გადავაბარეთ საპატრიარქოს? გულისტკივილით ვიტყვი, რომ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვაკრიტიკებთ ჩვენს ეკლესიას, განსაკუთრებით აღმაშფოთებელი ჩემთვის არის ის მოუთოკავი ვერცხლისმოყვარეობა რაც იქ ხდება. მაგრამ გელათთან მიმართებაში საპატრიარქო ყველაფერში იყო მართალი, პირადად თქვენთან. დააშავა თქვენმა უწყებამ, დავაქციეთ კინაღამ ეს უნიკალური ძეგლი და თქვენ ხელები დაიბანეთ და საპატრიარქოს გადააბარეთ? როგორ რჩებით მინისტრად ამ ყველაფრის შემდეგ?
თუ საპატრიარქომ უნდა გამოასწოროს თქვენი დაშავებული, ძეგლთა დაცვაზე საპატრიარქომ თუ უნდა იზრუნოს, მაშინ თქვენ რის მინისტრი ხართ?! მარტო ხალხს რომ არბევთ ხოლმე კულტურის სხვადასხვა სფეროში, არ ვიცი, თქვენ ისეთ პარტიულ დისციპლინას ამყარებთ ხოლმე.
მაგრამ, კიდევ გული რაზე დამწყდა – ნატა ლომოურის გათავისუფლებაზე, ალბათ “ნაციონალად” მიგაჩნიათ. ერთი არგუმენტი, რაც ჩემთვის სრულიად გასაგებია ის არის, რომ თორმეტი წელი რომ რაღაცას მართავ კი ბატონო, შეიძლება ამის მერე როტაცია შეგეხოს და აღარ იყო ხელმძღვანელი, მაგრამ ნატა ლომოურმა ძალიან დიდი საქმე გაუკეთა იმ მწერალთა სახლს, რა დღეში და როგორ მოხდა მისი რეაბილიტაცია, ფუნქციით დატვირთვა, როგორ გაცოცხლდა ის კერა და როგორი მიმზიდველი გახდა.
გული მისკდება რასაც ბახმაროში ვუყურებ, იმ კომპანიას სვავები უნდა დავარქვათ, მაოხრებელი სვავების კომპანია. ასეთ ადგილებს მარტო სენტიმენტების გამო კი არ უნდა ვუფრთხილდებოდეთ, უზარმაზარი ეკონომიკური რესურსი აქვს ამ ყველაფერს, ტურისტი რომ ჩამოდის, სად მიდის? რა თქმა უნდა ძველ თბილისში, ასეთი რამ არის კულტურული მემკვიდრეობა, მომნუსხველია, გიზიდავს. ეს პროექტი გააოხრებს ბახმაროს, სადაც უნიკალური ლანდშაფტია და სადაც ღობეებიც კი არ არის. ეს არ არის დეველოპმენტი, ეს არის მაოხრებლობა. ნუ გააკეთებინებთ ამას რა, თორე მერე თავში ხელს შემოვირტყამთ, როცა ჩვენი შთამომავლები გვისაყვედურებენ”,- განაცხადა ალეკო ელსიაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.