აი ფაქტი: აი, ფუფუნება: რა ქონებას ფლობს თინათინ ბერძენიშვილი? (ვიდეო)

ბინა ვაკეში, აპარტამენტი ბათუმში და პრემიუმ ბრენდების სამოსი გარდერობში. ასეთი მდიდრული ცხოვრების სტილი აქვს თინათინ ბერძენიშვილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს.

მისი ხელფასი 10 000 ლარია, ანგარიშებზე კი 125 000 ლარი და 18 000 დოლარი უფიქსირდება.

რაც შეეხება ქონებას, მის საკუთრებაშია: 177 კვ.მ ბინა ჟვანიას ქუჩაზე,  აპარტ ჰოტელში, ვაკის და მთაწმინდის ხედებით. ეს უძრავი ქონება 2025 წლის მაისში შეიძინა, 220 000 დოლარად, ანუ, ნახევარ მილიონ ლარად. წლევანდელი შენაძენია 19 000 ევროიანი ფორდის ავტომობილიც. ორი წლის წინ კი, სასტუმროს ნომერი იყიდა ბათუმში, ორბის ელიტარულ კომპლექსში, რომელშიც 72 000 ლარი გადაიხადა.

ბერძენიშვილს ევროპული და ამერიკული პრემიუმ  ბრენდებიც ჰყვარებია. მაგალითად, მის გარდერობში ნახავთ: ალექსანდერ მაქუინის ხელჩანთას, რალფ ლორენის პიჯაკებს, სალვატორე ფერაგამოს ფეხსაცმელს და ჰერმესის სამაჯურს.

ამ ყველაფერს თინათინ ბერძენიშვილი საკუთარი ხელფასით ყიდულობს, რომელსაც ჩვენ ვუხდით, ქვეყნის ბიუჯეტიდან.

ამავე ფულით დადის მივლინებებსა და მოგზაურობებში – ამერიკაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში.

რაიმე ბიზნესს არ ფლობს. მისი მეუღლე ზურაბ გუმბერიძე  კომპანიების დირექტორი და მეწილე კი არის, მაგრამ თინათინის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, იქედან სარგებელი არ მიუღია. შესაბამისად, თინათინ ბერძენიშვილის ერთადერთი ოფიციალური შემოსავალი, ტელევიზიის დირექტორის ანაზღაურებაა.

ამ სამსახურში კარგად რომ უხდიან, გასაკვირი არ არის. სწორედ ის უდგას სათავეში არხის პროპაგანდისტულ სარედაქციო პოლიტიკას და “ოცნებისთვის” მოსაწონ გადაწყვეტილებებსაც იღებს. დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ათავისუფლებს, კრიტიკულ გადაცემებს ხურავს. რის შედეგადაც, ხალხის დაფინანსებული ტელევიზიიდან, ხალხის ხმა არ ისმის.