ადვოკატთა ასოციაცია ახალ თავმჯდომარეს ირჩევს

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ ახალ თავმჯდომარესა და მმართველი ორგანოების წევრებს ირჩევს.
ასოციაციაში ხმის მიცემის პროცესი 14 დეკემბერს დილის 10 საათზე დაიწყო.
„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად ექვსი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის არიან ირაკლი ჩომახაშვილი, მუხრან ღურწკაია და ირაკლი ყანდაშვილი.
ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა, რომელიც ამასთანავე, პროევროპულ აქციებზე დაკავებულების ადვოკატია, არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, სოციალურ ქსელში დაწერა:
„იმის მიუხედავად, რომ ბოლო კვირის მანძილზე ჩემსა და ჩემს გუნდზე ძალიან მძიმე, პროფესიულად არაეთიკური თავდასხმები მიმდინარეობდა, მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ხვალ ჩაივლის დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით.
ვთანხმდებით, რომ ცვლილებები ასოციაციაში აუცილებელი და გარდაუვალია. ცვლილება კი იწყება ახალი გუნდითა და ერთობით, ზუსტად ამ პრინციპის გათვალისწინებით, ხაზგასმით ვამბობ, რომ გამარჯვების შემდეგ, მე არ ვაპირებ მეორე ვადით კენჭისყრას“.
საარჩევნო კომისიის 15 წევრი ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა 13 დეკემბერს, ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე აირჩიეს:
„ჩვენი პირველი კოალიციური შეთანხმება შედგა – ხმის დამთვლელი კომისიის 15-ვე წევრი ჩვენი ნომინირებულია და მხარდაჭერილია ხმათა უმრავლესობით“, – განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა 13 დეკემბერს.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატი, მუხრან ღურწკაია ამბობს:
“ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ხმის დამთვლელი კომისია ყოფილიყო ჩვენი სრულად, თუმცა მარტო ეს არ არის დაზღვევა, რომ რამეს არ შეეცდება ადვოკატთა ასოციაციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი. უბრალოდ, ის არის, რომ დღეს არის აქტივობა, რაც მნიშვნელოვანი და მთავარია და აქტივობა ყველაზე მეტად აშინებს ბატონ ირაკლი ყანდაშვილს და მის გუნდს, იმიტომ, რომ ადვოკატების განწყობა ჩვენთვის ცნობილია. ადვოკატებს უნდათ ცვლილებები და ეს ცვლილებები დღეს არის გარდაუვალი”, – განაცხადა მუხრან ღურწკაიამ.
„ადვოკატთა ასოციაციის“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის ირაკლი ყანდაშვილის თქმით, „ადვოკატთა ასოციაციის პოლიტიზირებას ვერავინ ეღირსება“.
ის ამბობს, რომ ადვოკატები „სწორ არჩევანს გააკეთებენ“, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში განვითარდეს ადვოკატის პროფესია და თითოეული ადვოკატის უფლებები იყოს უზრუნველყოფილი.
„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ასათიანი, რომელიც ამ პოსტს ორი ვადით იკავებდა, აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი მაღალი აქტიურობით, დემოკრატიულად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ხაზს უსვამს, რომ ეს არის „პროფესიული და არა პოლიტიკური პროცესი“.
საარჩევნო პროცესს, რომელიც “ექსპო ჯორჯიას” საგამოფენო სივრცეში იმართება, თავმჯდომარეობის კანდიდატების 24 და 11 არასამთავრობო ორგანიზაციის 22 დამკვირვებელი აკვირდება.
როგორც ადვოკატთა ასოციაციაში აცხადებენ, არჩევნები ელექტრონულად, ოპტიკური სკანერების გამოყენებით ტარდება. თავმჯდომარის არჩევნების შედეგები დამატებით ხმის დამთვლელი კომისიის მიერ კრებაზევე საჯაროდ, ხელით გადაითვლება.
ხმის მიცემის პროცესი 19 საათზე დამთავრდება. არჩევნების შედეგები 21 საათზე გამოცხადდება.