შალვა პაპუაშვილი – უნდა დავივიწყოთ მიხეილ სააკაშვილი – ვაცადოთ, რომ თავისი სასჯელი მოიხადოს

უნდა დავივიწყოთ – ვაცადოთ, რომ თავისი სასჯელი მოიხადოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, უნდა გადაიყვანონ თუ არა მიხეილ სააკაშვილი „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „სააკაშვილი კლინიკაში იქნება თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამას ექიმები და გადაწყვეტს“.
„რაც უფრო მეტად დაავიწყებენ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ლელოს“ ტელევიზიები მის თავს საზოგადოებას, მით უფრო კარგი თავად სააკაშვილისთვის, მისი ჯანმრთელობისთვის და საზოგადოებისთვის. მაგრამ პრობლემაც ესაა, რომ სააკაშვილს როგორც ჩანს, ძლიერი ჯგუფები მფარველობენ ქვეყნის შიგნით და გარეთ. იმდენად ძლიერი ჯგუფია, შეძლეს უცხოურ მედიაში ეყიდათ სტატიები, სიუჟეტები, პოლიტიკოსების განცხადებები, იქამდეც კი მივიდნენ რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებში ტექსტები ჩაწერეს ლობისტებმა. ამერიკული რეესტრიდან ამონაწერით გავარკვიეთ, რომ ამერიკელი ლობისტები წერდნენ რეზოლუციებს, რომელსაც ევროპარლამენტი იღებდა საქართველოსა და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც სავსე იყო ტყუილით და დეზინფორმაციით. 2 წელზე მეტი გავიდა, რაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოაპარეს. სამწუხაროდ, ბევრმა შეირცხვინა თავი ქართველი ხალხის წინაშე იმით, რომ მხარს უჭერდნენ ტირანიისა და ადამიანის ჩაგვრის სისტემის შემქმნელს და მეორე, მოქმედებდნენ ანტიქართული. ფარული გეგმებით; იმით, რომ მას ევროპაში, სხვადასხვა ქვეყანაში აფარებდნენ და სხვადასხვა სტრუქტურების დერეფნებში თავისუფლად დადიოდა. შერცხვნენ იმიტომ, რომ საქართველოში ჩუმად შემოაპარეს. ვიცით, რომ უკრაინის კონტრდაზვერვამ დაუგეგმა მას შემოსვლა. ვინ დგას უკრაინის კონტრდაზვერვის უკან, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ შემოაპარეს, რათა საქართველოში მომხდარიყო არეულობა, ქართველები ერთმანეთს დავრეულიყავით, ვისი ტყვია გავარდებოდა და ვისი სისხლი დაიღვრებოდა, როგორც ჩანს, არ აინტერესებთ მათ, ვინც მიხეილ სააკაშვილის მფარველია. ისინი საჯაროდაც ჩანან და ექომაგებიან მას ყოველ ჯერზე. ქართველმა ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რა ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე, როდესაც ვსაუბრობთ მიხეილ სააკაშვილის მფარველებზე და ასევე, საქართველოს ხელისუფლებას როგორი წინააღმდეგობის გაწვევა უწევდა, რათა ეს გეგმები, რაც ამ ხალხს ჰქონდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არ შესრულებულიყო“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“შესაძლებლობა რომ მქონდეს, „ოცნების“ ლიდერს ვკითხავდი – სურს კი, რომ მთელი მისი ქველმოქმედება რუსულ სპეცოპერაციას დაემსგავსოს, დაახლოებით ისეთს, როგორითაც რუსები უკრაინაში შეჭრისათვის ემზადებოდნენ?”