ყველა მეთოდი მისასალმებელია – მამუკა ხაზარაძე აშშ-სგან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებას ითხოვს

მმართველი გუნდისთვის “ლელოს” ლიდერის განცხადება ოპოზიციის დიდი ნაწილის სურვილს გამოხატავს. საუბარია შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუზე, სადაც ხაზარაძემ პერსონალურ სანქციებზე საუბრისას თქვა, რომ, როცა ლაპარაკია ქვეყნის ინტერესზე, იქ ყველა მეთოდი მისასალმებელია. “ქართული ოცნება” ამ კუთხით ოპოზიციის გააქტიურებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაციის მიღებას უკავშირებს.
“ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში ოპოზიციონერ პოლიტიკოსს არ დაუმალავს, რომ სანქციები ცვლილებებისთვის აუცილებელ იარაღად მიაჩნია. დღეს ხაზარაძე მედიასთან აღარ გამოჩენილა, ლიდერის პოზიცია კი “ლელოში” დაიცვეს. პარტიის წევრები, სანქციების მოთხოვნას, ქვეყნის ინტერესების გატარებად მიიჩნევენ.
არაერთგვაროვანია სხვა ოპოზიციური ჯგუფების მოსაზრება. ნაწილი სანქციებს მიესალმება, თუმცა ამისთვის მყარი მტკიცებულებების აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს. მეორე ნაწილის აზრით კი, ხაზარაძე პოლიტიკურად წაგებულ სვლებს ათამაშებს, რაც მის რეიტინგზეც და ქვეყანაზეც ნეგატიურად აისახება.
მამუკა ხაზარაძეს და მის კოლეგებს დღეს საპარლამენტო უმრავლესობიდან წარსული კიდევ ერთხელ შეახსენეს. ვერ აშენებული ანაკლიის პორტი და ფინანსური თაღლითობის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. კანონმდებლები ფიქრობენ, რომ ყოფილი ბანკირი და ოპოზიცია სანქციების თემის წამოწევით, ქვეყნისთვის მორიგი დაზიანების მიყენებას ცდილობენ, თუმცა წარუმატებლად.
“ლელოს” ლიდერი ამერიკის შეერთებულ შტატებში გასულ კვირას იმყოფებოდა. მამუკა ხაზარაძემ ქართველი ემიგრანტების გარდა, შეხვედრები კონგრესსა და სენატშიც გამართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს