ქუთაისის საკრებულოში ენმ-ის 12 წევრიდან შვიდმა პარტია დატოვა, გავიდა საქალაქო ორგანიზაციის წევრთა ნაწილიც

„ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის და ქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ნაწილმა. საკრებულოს 12 წევრიდან შვიდმა პარტიიდან წასვლის შესახებ განაცხადა 11 დეკემბერს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე. მათი თქმით, რჩებიან ოპოზიციაში და არ აპირებენ დატოვონ საკრებულოს დეპუტატის მანდატები.
პარტიის ყოფილი წევრების განცხადებით, შეუძლებელია ქვეყნის არაფორმალურ მმართველობასა და ოლიგარქიულ რეჟიმთან ბრძოლა, როცა პარტიაში მსგავსი მმართველობა და რეჟიმია.
„წლის დასაწყისში პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ მივიღეთ სამწუხარო რეალობა, როცა პოლიტიკური ორგანიზაციის სათავეში მოვიდა მენეჯმენტი, რომელმაც პარტიას ჩამოაცილა ერთგული და გამოცდილი წევრები და მართვის ბერკეტებთან წამოატივტივა, პირადი გამორჩენის მიზნით, პარტიიდან პარტიაში მომთაბარე, მათ შორის ს ლანძღვით გამორჩეული პოლიტიკოსები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეგნებულად დააყენეს კონფორმისტულ, ფსევდოოპოზიციურ წარმონაქმნად გადაქცევის გზაზე. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ვტოვებთ პარტიას. სახელმწიფო უფრო მაღლა იდგება, ვიდრე ნებისმიერი პიროვნება ან პარტია და ბრძოლა პრორუსულ, არადემოკრატიულ ხელისუფლებასთან კვლავ გაგრძელდება“, – განაცხადა დავით ბახტაძემ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ქუთაისის საკრებულოში. ფრაქციის თავმჯდომარის, გიორგი კილაძის განცხადებით კი, ქალაქში მოქმედი 10 შტაბიდან „ნაციონალური მოძრაობა” დატოვა შვიდის წევრთა უმრავლესობამ.
„პარტია დატოვეს წევრებმა, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლები არიან, ასევე დატოვეს იმ წევრებმაც, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ შემოუერთდნენ პარტიას. ეს ნაბიჯი არის რთული, მაგრამ მე და ჩემს მეგობრებს არ გვჯერა, რომ არაფორმალური მმართველობის დამარცხება არაფორმალური მმართველობითაა შესაძლებელი”, – თქვა კილაძემ.
როგორც ოპოზიციური პარტიის ყოფილი წევრები ამბობენ, პოლიტიკურ საქმიანობას სთან ერთად გააგრძელებენ.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ს შედეგებით, ქუთაისის საკრებულოს 35 წევრიდან 14 „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა. პარტიის წევრებიდან ერთი ამერიკაში წავიდა და საკრებულომ მას უფლებამოსილება შეუწყვიტა, ერთმა კი “ნაციონალური მოძრაობა” ერთი თვის წინ დატოვა და საკრებულოს დამოუკიდებელ წევრად დარჩა. წევრთა ნაწილის გასვლის შემდეგ, ამჟამად ქუთაისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობა“ ხუთი წევრითაა წარმოდგენილი.
დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაში” დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. იმ დროისათვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დასთანხმდა და არჩევნებში ლევან ხაბეიშვილთან დამარცხდა.
ნიკა მელია ღიად ლაპარაკობდა არაფორმალურ მმართველობაზე “ნაციონალურ მოძრაობაში”, თუმცა, ამის მიუხედავად, პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას არ იღებდა. ეს გადაწყვეტილება მან რამდენიმე დღის წინ, 7 დეკემბერს გამოაცხადა და თქვა, რომ “წინ, მომავალში მიდის” და ახალი პარტიის დაფუძნება დააანონსა.
7 დეკემბერს საკუთარ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიამ მადლობა გადაუხადა “ასიათასობით მხარდამჭერს” და აღნიშნა, რომ მათთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას.

ასევე დაგაინტერესებთ