“ქალაქში, გენგეგმიდან გადახვევის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს” – ბიბილაშვილი

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2017 წლიდან დღემდე დედაქალაქში სამშენებლო ნებართვები რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე არ გაიცემა. სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობის მიზნით კი თბილისის მერიამ 48 მესაკუთრის 54 მიწის ნაკვეთი გამოისყიდა, რომელთა ჯამური ფართობიც 115 ათასი მ²-ია, ჯამური ღირებულება კი – ₾116.5 მილიონი.
ურბანისტი ანა ბიბილაშვილი გვიხსნის, რომ დედაქალაქში მწვანე სივრცეების რაოდენობა ჯერ ისევ კრიტიკულ ზღვარს ქვევითაა და ამ მიმართულებით მერია გენგეგმის რეკომენდაციების ნაკლებად ითვალისწინებს.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში აქტიურად ხდება გენგეგმის ცვლილება, რაც ერთი მხრივ გასაგებია, რადგან დოკუმენტი ცოცხალი ორგანიზმია, თუმცა მისი თქმით, ეს ცვლილებები ქალაქის განვითარების მთავარი დოკუმენტის პრინციპების დარღვევის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.
“მწვანე სივრცეები ქალაქში კრიტიკულ ზღვარს ქვემოთაა, ბევრად ქვემოთ, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ვიდრე ადამიანის ჯანმრთელობისთვის არის დასაშვები. გენგეგმიდან გადახვევის ძალიან ბევრი მაგალითი და პროექტი არის თბილისში სახეზე, მათ შორის ყველაზე უფრო კრიტიკული, ალბათ, თუ ესე შეიძლება დავარქვათ, არის იპოდრომის ტყის გაჩეხვა და იქ პროექტის შეთანხმება. ჩვენ თავის დროზე შევისწავლეთ ეს პროექტი და დაახლოებით 4000 ხის მოჭრა იგეგმება.
მთელი ტყე უნდა გაიჩეხოს, რომელიც უნდა ყოფილიყო ქალაქის ფილტვები. გენგეგმის ჩანაწერებში არსებობდა, ის თუ როგორ უნდა გაზრდილიყო, ანუ რის ხარჯზე უნდა გაზრდილიყო ქალაქში მწვანე სივრცეები. არათუ მწვანე სივრცეები უნდა დაზიანებულიყო და განადგურებულიყო მშენებლობის ხარჯზე, არამედ პირიქით, ის სივრცეები, სადაც არსებობდა ბრაუნ ფილდები, ანუ ე.წ მიტოვებული ქარხნები და ასე შემდეგ, ესენიც უნდა გადაქცეულიყო მწვანე სივრცეებად. გენგეგმის მთავარი პრინციპის დონეზე დაუშვებელი იყო მწვანე სივრცეებზე შეხება და მათი განადგურება,”-ამბობს ურბანისტი ანა ბიბილაშვილი.