დროებით ოკუპირებულ ფეოდოსიაში მტრის ნავთობტერმინალზე წარმატებული დარტყმა განხორციელდა, – ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი იუწყება.
„ობიექტის ტერიტორიაზე ხანძარი დაფიქსირდა, ზარალის შედეგები ზუსტდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
გენერალური შტაბის ცნობით, აღნიშნული ნავთობტერმინალი ყირიმში ყველაზე დიდია ნავთობპროდუქტების გადაზიდვის მოცულობით, რომელიც, სხვა დანიშნულებასთან ერთად, საოკუპაციო არმიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გამოიყენებოდა.
„დავალება შეასრულეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო ძალების ნაწილებმა უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით“, – განმარტავენ გენერალურ შტაბში.
მათი მტკიცებით, რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შერყევის ღონისძიებები გრძელდება და შემდგომშიც გაგრძელდება.
შეგახსენებთ, მანამდე, რუსულმა „ტელეგრამ“ არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ფეოდოსიაში ნავთობსაცავზე დრონებით დარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
