საქსტატის წინასწარი მონაცემით, 2024-ის II კვარტალში უცხოური ინვესტიციები 10.3%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისიტკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2023 წლის კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 10.3 პროცენტით გაიზარდა და 574.3 მლნ. დოლარი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, აღნიშნულში 78.6 პროცენტიანი წილი რეინვესტიციას აქვს.
სტატისტიკის სამსახურში ამბობენ, რომ ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით.
2024 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.6 პროცენტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:
სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მეორე კვარტალში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 266.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება იაპონია – 59.2 მლნ. აშშ დოლარით (10.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე მალტა – 37.9 მლნ. აშშ დოლარით (6.6 პროცენტი).
საქსტატის განცხადებით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 63.3 პროცენტს შეადგენს:
„2024 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 300.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 52.3 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი – 79.2 მლნ. აშშ დოლარით (13.8 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 55.5 მლნ. აშშ დოლარით (9.7 პროცენტი). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 75.7 პროცენტი შეადგინა,“ — აცხადებენ საქსტატში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ანთაძე – შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლებაზე – იასონ გენგიურის და სერგო მერებაშვილის საქმეზე გაგვიზიარეს ინფორმაცია, რომ მათ მიესაჯათ უკანონო პატიმრობა 2 წლის და 6 თვის ვადით