პარლამენტმა, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის თანახმად, ზამთრის პერიოდში, ავტომობილების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვა სავალდებულო ხდება

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის გათვალისწინებით, ზამთრის პერიოდში, ავტომობილების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვა სავალდებულო ხდება.
ამასთან დაკავშირებით ორ კანონში – “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები 78 ხმით, ერთხმად მიიღეს.
პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და წარადგინა.
პროექტის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილ პერიოდსა (1 დეკემბრიდან 1 მარტამდე) და განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების რომელიმე თვალზე შესაბამისი მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავები არ ექნება, ასევე განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით – შესაბამისი მახასიათებლების ზამთრის საბურავები და არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 5 ქულით შემცირებას.
მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს ზონებს/გზის მონაკვეთებს, სადაც ზამთრის საბურავებით გადაადგილება სავალდებულო იქნება, აგრეთვე, განსაზღვრავს საბურავებისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ტექნიკურ მახასიათებლებს.
გარდა ამისა, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში პოლიცია უფლებამოსილი იქნება სატრანსპორტო საშუალების მძღოლს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა შეუზღუდოს. ამასთან, შესაძლებელი იქნება სამართალდამრღვევს დროებით, საქმის განხილვამდე სატრანსპორტო საშუალება ჩამოერთვას და იგი გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე.
სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების ანაზღაურება სამართალდამრღვევს დაეკისრება.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: მე უკვე ვიცხოვრე ასეთ ქვეყანაში, სადაც იყო მხოლოდ ერთი კარგი პარტია, მხოლოდ ერთი კარგი ტელევიზია, აკრძალული იყო აქციის გამართვა. მერე ნელ-ნელა მოვიპოვეთ ეს უფლებები. ვიბრძოლეთ, ვიშიმშილეთ… (ვიდეო)

ირაკლი კობახიძე – თუ ვინმეს უნდა მე-12 წლის დახურვა, შეიძლება, ქვეყანაშიც შევქმნათ ამის შესაძლებლობა, საზღვარგარეთ დახუროს მე-12 კლასი და შემდეგ განაგრძოს პირველი კურსიდან – იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ წავახალისოთ ახალგაზრდების მიგრაცია