ნიკა ნავროზაშვილი: კარატე ეს არის თავმდაბლობა. ეს საბრძოლო ხელოვნებაა!

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, 61-ე სკოლაში კარატეს, სპორტის ამ სახეობას, სხვადასხვა ასაკის ბავშვები ეუფლებიან.   News.ge – ს კითხვებს სანსეი პასუხობს:

News.ge: ნიკა, რამდენი წელია რაც ბავშვებს ავარჯიშებთ ? 

ნიკა ნავროზაშვილი: მე თვითონ ვვარჯიშობ, დაახლოებით,  16-17 წელია და მინდოდა ჩემი ცონდა და გამოცდილება გადამეცა მომავალი თაობისთვის. კარატეს შემსწავლელი ჯგუფი გავხსენი 2018 წელს და ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ძლიერი და ღირსეული მომავალი თაობა გავზარდო.

 

News.ge: ნიკა, აღსაზრდელებთან თბილი ურთიერთობა გაქვთ, თუმცა ვარჯიშის დროს საკმაოდ მკაცრი ხართ.  სიმკაცრე ბავშვებთან ვარჯიშის დროს აუცილებელია? 

ნიკა ნავროზაშვილი:  ჩემი აზრით, სპორტში მთავარი არის დისციპლინა! თუმცა, ვარჯიშის შემდეგ მეგობრული ურთიერთობა აღსაზრდელებთან ნამდვილად მაქვს.

News.ge: როგორ მოგმართავენ ბავშვები სენსეი, თუ ნიკა მასწავლებელო?

ნიკა ნავროზაშვილი:  ხან სენსეი, ხან, მასწ., ხან ნიკა მასწავლებელო… როგორც თვითონ მოსწონთ, ისე.

News.ge: უჭირთ ტერმინოლოგიის დამახსოვრება, ეს ხომ იაპონური ენაა 

ნიკა ნავროზაშვილი:  უჭირთ, თუმცა ხშირად ვიმეორებთ და იმახსოვრებენ, მართალია ასე იპაონურს ვერ სწალობენ (ეღიმება) მაგრამ, ტერმინოლოგიაში უკვე თამამად ერკვევიან.

 

News.ge: ნიკა, თქვენი აღსაზრდელები იღებენ თუ არა მონაწილეობას სხვადასხვა ტურნირებში? 

ნიკა ნავროზაშვილი:  რა თქმა უნდა. ბავშვები მონაწილეობას იღებენ საქართველოს ჩემპიონატში, კავკასიის ჩემპიონატში. ასევე, ხშირად ტარდება გასვლითი, საერთაშორისო ტურნირები. გვყავს პრიზიორებიც, პირველადგილოსნებიც, ბრინჯაოს მედლის მფლობელებიც.

News.ge: რა არის მთავარი კარატეს დაუფლებისათვის? 

ნიკა ნავროზაშვილი:  სულიერი სიმტკიცე! თავიდან, რა თქმა უნდა პირველი ნაბიჯები ძალიან მარტივია, მაგრამ აქტიური სპორტის თვალსაზრისით – რთულია. თუ ფიზიკურად და სულიერად მზად არ ხარ აიტანო ტკივილი, დაღლილობა რაც ვარჯიშის თანმდევია, მაშინ არაფერი გამოვა. კარატე ეს არის თავმდაბლობა. არ შეიძლება კარატისტი ვინმეს ჩაგრავდეს, ნამდვილი კარატისტი ქუჩაში არ ჩხუბობს. კარატე ეს საბრძოლო ხელოვნებაა! მნიშვნელოვანი ეს იცოდეს ყველა ბავშვმა, ვინც კარატეს შესწავლას მოინდომებს.

ცნობისათვის, ნიკა ნავროზაშვილი ევროპის სამგზის ჩემპიონი, wku ს მსოფლიო ჩემპიონი, ორგზის აზერბაიჯანის ჩემპიონი, სამგზის საქართველოს ეროვნული ჩემპიონი, ხუთგზის საქართველოს ჩემპიონი და ექვსგზის კავკასიის ჩემპიონია.