57 წლის მიტროპოლიტი შიო, – ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი, მთავარეპისკოპოსი, ქორეპისკოპოსი სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით – უკვე 9 წელია, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის სახელს ატარებს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გადაწყვეტილებით.
პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, მიტროპოლიტი მისი მოვალეობების შესრულებას შეუდგა – ახალი პატრიარქის არჩევამდე.
“ვღელავ” – პატრიარქის მოსაყდრეობა
“ვღელავ, რამეთუ ეს უდიდესი ჯვარია… ჩემი თავი მიმაჩნია უღირსად ამ მსახურებისთვის”, – უთხრა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს 2017 წლის 23 ნოემბერს, მოსაყდრედ დასახელების დღეს.
გადაწყვეტილება თავად კათოლიკოს-პატრიარქმა გამოაცხადა, ქაშვეთის ტაძარში, გიორგობაზე წირვის დაწყებამდე. მიტროპოლიტმა შიომ თქვა, რომ ეს ამბავი წინა ღამით შეიტყო და რომ ეს არის “განსაკუთრებული ვითარება”, რადგან ისტორიაში მსგავსი არ მომხდარა.
1995 წელს დამტკიცებული მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, მოსაყდრეს პატრიარქი ასახელებს ანდერძში, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ იხსნება. საპატრიარქომ განაცხადა, რომ ილია მეორეს ასეთი ანდერძი არ დაუტოვებია და ანდერძად უნდა იქნას მიჩნეული კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანება.
- პატრიარქის 2017 წლის ბრძანებაში მიტროპოლიტი შიო “საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ” იყო დასახელებული;
- 2018 წლის ივნისში, წმინდა სინოდმა სტატუსი დააზუსტა და მიტროპოლიტი შიო “საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრედ” გამოაცხადა. მაშინ საპატრიარქომ განაცხადა, რომ პატრიარქის გადაწყვეტილების შინაარსი არ შეცვლილა.
- მოსაყდრედ სინოდმა მიტროპოლიტი შიო პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, 2026 წლის 18 მარტს, დაამტკიცა – საგანგებოდ გამართულ სხდომაზე.
მოსაყდრის ბიოგრაფიული ცნობები საპატრიარქოს ოფიციალური გვერდიდან:
- დაიბადა თბილისში – 1969 წლის 1 თებერვალს; დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა და სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში.
- 1991 წელს მორჩილი გახდა – შიომღვიმის მონასტერში.
საეკლესიო გზაზე მისი წინსვლა სწრაფად ხდება:
- 1993 წელს, 24 წლის ასაკში, ბერად აღკვეცეს და მაშინ უწოდეს სახელი შიო.
- 1995 წელს დიაკვნად აკურთხეს.
- 1996 წელს ბერ-დიაკონი შიო მღვდლად თავად კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა.
- 1997 წელს დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.
- 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება – ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად.
- ანჩისხატისა და ნარიყალას ტაძრებში მსახურების შემდეგ, 2001 წლის ოქტომბრიდან, მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გახდა.
- 2003 წლის 18 აგვისტოს იღუმენი შიო სენაკისა და ჩხოროწყუს ახლადშექმნილი ეპარქიის წინამძღოლი გახდა; 2009 წელს – მთავარეპისკოპოსი.
- 2010 წელს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.
2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდენით. 2018 წლის 21 ივნისს – სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. [ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება მღვდელმსახურის თავსაბურავზე – მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი ჯილდოა].
უმაღლესი განათლება:
- 1998 წელს ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში გააგრძელა – დაუსწრებელ განყოფილებაზე.
- 2001 წლიდან [როცა მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს ტაძრის წინამძღვარი გახდა], პარალელურად, სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.
რუსეთთან კავშირი
მიტროპოლიტ შიოს რუსეთთან კავშირზე უკვე დიდი ხანია ყურადღებას ამახვილებენ თეოლოგები. ბევრი ახსენებს, რომ შემთხვევითი არ იყო რუსი მიტროპოლიტის – ილარიონ [გრიგორი] ალფეევის ვიზიტი საქართველოში, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე მიტროპოლიტი შიო მოსაყდრედ დასახელდებოდა. ამ დროს ალფეევი რუსეთის პატრიარქ კირილის „მარჯვენა ხელად” მიიჩნეოდა, რომელიც ეკლესიის საგარეო ურთიერთობებს განაგებდა და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრადაც მოიხსენიებდნენ. მღვდელმთავრებს შორისაც გამოითქვა ეჭვი – იყო თუ არა პატრიარქ ილია მეორის გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგი.
2022 წელს ილარიონ ალფეევი საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს და ბუდაპეშტისა და უნგრეთის პატარა ეპარქიის მიტროპოლიტად გაუშვეს. 2024 წელს კი, მათ შორის – ქონებასთან და შანტაჟთან დაკავშირებული ხმაურიანი სკანდალის ფონზე, ამ ეპარქიის ხელმძღვანელის პოსტიდან დროებით გადააყენეს, საკითხის შესწავლამდე.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მოსაყდრედ მეუფე შიოს დადგინების მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის ვიზიტთან დაკავშირება, სრული სიცრუეა და ამ მხრივ ძალიან სუსტი რგოლია მეუფის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაში. მე მის [ალფეევის] ვიზიტს ვესწრებოდი, ამ საკითხზე ვრცლად ვაპირებ საუბარს და აქ აღარ მოვყვები დეტალებს“, – ასე პასუხობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რადიო თავისუფლებას ალფეევთან დაკავშირებული ფართო დისკუსიის შესახებ.
ვერ მივიღეთ პასუხი შეკითხვაზე, იყო თუ არა მიტროპოლიტი შიო ჩასული რუსეთში მოსაყდრედ დადგენის შემდეგ.
ალფეევი საქართველოში ბოლოს კათოლიკოს-პატრიარქის გასვენებაში ჩამოვიდა, როგორც ითქვა – რუსეთის ეკლესიის 80-წევრიანი დელეგაციის შემადგენლობაში. „ქართული ოცნების“ განაყოფის, ანტიდასავლური „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი, დავით ქართველიშვილი, თავის ფეისბუკპოსტში [22 მარტი, 2026 წელი] ალფეევს აქებს – როგორც საქართველოს გულშემატკივარს, ნიჭიერ დიპლომატს და არ გამორიცხავს, რომ “თბილისური ვოიაჟი მეუფე ილარიონმა გამოიყენოს „ტუზ კოზირად“ პატრიარქ კირილესთან თავისი პოზიციების აღსადგენად, თუ დაარწმუნებს მას სამომავლოდ თავის წარმატებულ „მედიატორულ“ ფუნქციაში მოსკოვსა და თბილისს შორის, თუკი ამის საჭიროება დადგება მოკლევადიან პერსპექტივაში, როგორც საეკლესიო, ასევე საერო პოლიტიკის თვალსაზრისით”.
22 მარტს, ილია მეორის დაკრძალვის დღეს, წირვა მიტროპოლიტმა შიომ ჩაატარა; ხოლო საგანგებოდ ჩამოსულმა მსოფლიო პატრიარქმა – ბართლომეოსმა – კათოლიკოს-პატრიარქს წესი აუგო.
31 მარტს, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა (ეს-ვე-ერი/СВР) „უწყებაში შესულ ინფორმაციაზე დაყრდნობით“ განაცხადა, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის არჩევის საკითხში ჩარევას“ ცდილობს.
„მსგავსი ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან ჩვენთვის წარმოუდგენელია, მიგვაჩნია ეს სრულიად შეუძლებლად. უცნობია ასეთი ინფორმაციის საფუძველი“, – უთხრა ანდრია ჯაღმაიძემ რადიო თავისუფლებას, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული ცნობის შესახებ.
მოსკოვს გაწყვეტილი აქვს ევქარისტიული კავშირი კონსტანტინოპოლთან მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლმა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა.

მიტროპოლიტ შიოს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს ლევან ვასაძესთან – ულტრანაციონალისტური, ჰომოფობიური და პრორუსული განცხადებებით ცნობილ ბიზნესმენთან, რომელმაც წლების წინ პარტია ,,ერთობა, რაობა, იმედი“ დააფუძნა. ამ პოლიტიკურ სვლას იმედის თვალით უყურებდა ევრაზიული მოძრაობის დამფუძნებელი, ულტრანაციონალისტი იდეოლოგი, კრემლის მხარდამჭერი ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი. არქივი ინახავს მასალებს ვასაძისა და დუგინის ახლო კავშირის შესახებ.
ლევან ვასაძე და შიო მუჯირი ერთად მუშაობდნენ დემოგრაფიული აღორძინების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში. 2013 წელს შექმნილი ფონდის შემადგენლობაში ასევე იყვნენ სხვა ბიზნესმენები და „ქართული ოცნების“ მაშინდელი დეპუტატები.
მოსაყდრის სავარაუდო მოწამვლა
2023 წლის ივლისში თავდაპირველად მედიაში გახმაურდა ამბავი მოსაყდრე შიო მუჯირის შესაძლო მოწამვლის შესახებ. 6 ივლისს დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოს ტელეარხ „ერთსულოვნებასთან” თქვა, რომ მიტროპოლიტ შიოს სისხლში „მძიმე მეტალები აღმოაჩინეს”, თუმცა შესაძლო მოწამვლის გამოძიება „სპეციალურ სამსახურებს ევალებათ”.
„რაღაც პერიოდის წინ მეუფემ იგრძნო სისუსტე და ექიმების რეკომენდაციით, სწორედ ეს ანალიზები ჩაიტარა“, – აცხადებდა ჯაღმაიძე.
მოწამვლას არც თავად მოსაყდრე არ გამორიცხავდა. 12 ივლისს მან ჟურნალისტებთან იმედი გამოხატა, რომ სიმართლე გაირკვეოდა – იყო ეს “ყოფითი მოწამვლა” თუ “გარკვეული ზემოქმედება”.
2023 წლის 7 ივლისს შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყებაში აცხადებდნენ, რომ გამოძიების შედეგების მიხედვით, კვალიფიკაციის შეცვლა არ იყო გამორიცხული.
რა გამოვლინდა და როგორ წარიმართა გამოძიება? – თითქმის სამი წლის შემდეგ ამბავი შს სამინისტროში მოვიკითხეთ. პასუხი არ მიგვიღია.
“ძიება ჯერ ისევ მიმდინარეობს”, – მოგვწერა ანდრია ჯაღმაიძემ.
“ჩანაცვლება” – იაკობის სკანდალური ნაამბობი
კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მოსაყდრე შიოთი ჩანაცვლების სამთავრობო გეგმაზე 2019 წელს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი [იაკობიშვილი] ალაპარაკდა, რაც მას საბოლოოდ ქორეპისკოპოსობის დათმობად დაუჯდა. მან დატოვა საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის პოსტიც.
მთავარეპისკოპოსმა 26 ოქტომბერს მედიასთან განაცხადა, რომ პატრიარქის გადაყენების გეგმით მას [3 წლით ადრე] მაშინდელი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში „ეჩალიჩებოდნენ“ თავად კვირიკაშვილი, უსაფრთხოების სამსახურის იმდროინდელი უფროსი ვახტანგ გომელაური და შინაგან საქმეთა იმდროინდელი მინისტრი გიორგი გახარია.
„… პატრიარქი გადავაყენოთ და შიო (მუჯირი) დავნიშნოთო. მე მაგათ ვუთხარი, ბიჭო, თქვენ მაგას ვინ გეკითხებათ, ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალი პატრიარქის წინააღმდეგ როგორ მიდიხართ-მეთქი“, – ასევე, მთავარეპისკოპოსის მონათხრობით – დავალება თავად ბიძინა ივანიშვილისგან მოდიოდა.




