“მკაცრად ვგმობთ ჩვენი კოლეგის, გიორგი წიქარიშვილის დაკავებას” – დიპლომატები საერთაშორისო საზოგადოებას ღია წერილით მიმართავენ

ქართველი დიპლომატები და საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები დაჭერილი კოლეგის გათავისუფლებას მოითხოვენ. ისინი ღია წერილით მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, ასევე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურრრ წარმომადგენლობებს და ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიების შესახებ უყვებიან.

წიქარიშვილი ის მომიტინგეა, რომელიც რუსთაველის გამზირზე, რუსულ ნომრიან მანქანას გადაუდგა და გზის გაგრძელების უფლება არ მისცა. მას გუშინ შეუფარდეს ათ დღიანი პატიმრობა.

ჩვენ, დიპლომატები, რომლებიც ჩვენს სამსახურს საქართველოს ევროპულ მომავალს ვუძღვნით, მკაცრად ვგმობთ ჩვენი კოლეგის, გიორგი წიქარიშვილის, დაკავებას, რომელიც 31 ოქტომბერს თბილისში გამართულ დემონსტრაციებზე მოხდა.

გიორგი 17 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ემსახურებოდა ქვეყანას ერთგულად და ღირსეულად, იცავდა კონსტიტუციას და სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გასაძლიერებლად. მისი დაკავება არა მხოლოდ უსამართლო, არამედ ღრმად შემაშფოთებელია მისი კოლეგებისა და მთლიანად ქართული დიპლომატიისთვის. ეს ქმედება მკვეთრად ეწინააღმდეგება იმ პროფესიონალიზმის, ერთგულებისა და სახელმწიფო სამსახურის ღირებულებებს, რომლებიც ქართული საგარეო პოლიტიკის ტრადიციას განსაზღვრავს.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში არსებულ საელჩოებსა და საერთაშორისო პარტნიორებს, ყურადღებით დააკვირდნენ ამ შემთხვევას და გამოხატონ სოლიდარობა იმ კოლეგის მიმართ, რომლის მთელი საქმიანობა გამოხატავდა საქართველოს ერთგულებას საერთაშორისო თანამშრომლობისა და ღირსეული სამსახურის პრინციპებისადმი.
მნიშვნელოვანია დავიცვათ ის ადამიანები, რომლებმაც წლების განმავლობაში პატიოსნად ემსახურებოდნენ ქართულ საზოგადოებას და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს – სწორედ ეს იცავს ქართული დიპლომატიის ღირსებასა და სანდოობას, – ნათქვამია განცხადებაში. 

გიორგი წიქარიშვილი 17 წლის განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ის ევროინტეგრტაციის მხარდამჭერ პეტიციაზე ხელმოწერის გამო გაათავისუფლეს. მაკა ბოჭორიშვილმა თანამშრომელს ჯერ გრიფით დაცულ დოკუმენტებზე წვდომა შეუზღუდა, შემდეგ კი ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი გაუუქმა და სამსახურიდან გაათავისუფლა.