ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელის მხრიდან ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული ყველა საკითხის გამოყენება ხდება პოლიტიკური მიზნებისთვის, ყველა საკითხის ინსტრუმენტალიზება ხდება. არ გამოვრიცხავ, რომ ევროკომისიის ეს ანგარიშიც იქნება ერთგვარი ინსტრუმენტი ამ მიმართულებით ,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რთულია წინასწარ შეფასება, თუ რა იქნება ასახული ანგარიშში, თუმცა ბოლო თვეების მოვლენების გათვალისწინებით, ობიექტური შეფასებების მოლოდინი ნაკლებია.
“ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელის მხრიდან ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული ყველა საკითხის გამოყენება ხდება პოლიტიკური მიზნებისთვის, ყველა საკითხის ინსტრუმენტალიზება ხდება. არ გამოვიცხავ, რომ ეს ანგარიშიც იქნება ერთგვარი ინსტრუმენტი ამ მიმართულებით. რთულია წინასწარ ვთქვათ, რა იქნება ასახული, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რამდენად ობიექტური შეიძლება იყოს ეს ანგარიში. ერთი რაც უნდა ითქვას, მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით და ვხედავთ იმას, რომ ბრიუსელის მხრიდან ნაკლებად არის სურვილი – საქართველოში მიმდინარე პროცესები ობიექტურად იყოს დანახული და აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია მოველოდეთ ობიექტურ შეფასებებს იმ ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდება მომავალ კვირას.
ერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, იმდენად გვაკლია ბრიუსელის მხრიდან ობიექტური შეფასებები, იმასაც ვერ მივაღწიეთ, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებს დარქმეოდა თავისი სახელი, ობიექტურად შეფასებულიყო, გამიჯნულიყო ბრიუსელი იმ ძალადობისგან და შეტევებისგან რაც საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ხორციელდება. აქედან გამომდინარე, რთულია, გვქონდეს მოლოდინი ევროკომისიის ანგარიშში პოზიტიური ან ობიექტური შეფასებების”, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა, რომლის განცხადებასაც საქართველოს საგარეო უწყების პრესსმსახური ავრცელებს.




