იურისტი, პროფესორი მათე ხვედელიძე:
რუსებს ძალიან მარტივი მიზანი და ამოცანა აქვთ საქართველოში. რუსების მიზანია საქართველო მარტო დატოვონ რეგიონში, დასავლეთის გარეშე.
რუსებმა ძალიან კარგად იციან, რომ მათი რბილი ძალა საკმარისი არაა ქართული საზოგადოების მისამხრობად, მითუფრო რომ დასავლეთი ბევრად მიმზიდველ რაღაცებს გვთავაზობს. ამის გათვალისწინებით, რუსები ცდილობენ დასავლეთი გააძევონ საქართველოდან და რეგიონიდან, რა თქმა უნდა, ქართველების ხელით. ამ ჟანრიდანაა “რუსული კანონის” შემობრუნება და ევროკავშირზე უარის თქმა.
აი, გორის საკრებულოს თავმჯდომარის ინტერვიუც ამის გაგრძელებაა. ამ ბატონმა, მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ ჩვენ რუსმა მშვიდობისმყოფელებმა გადაგვარჩინესო და დასავლეთს აქ არაფერი ესაქმებაო. დასავლურ აუდიტორიას მიმართა და საქართველოს შესახებ პრორუსულობის წარმოდგენები დაულექა თავში და კოლექტიურ მეხსიერებაში. მიზანიც ეს იყო.
აი, იმ წამსვე, როგორც კი დასავლეთი რეგიონიდან გავა (პრორუსულ ორბიტაზე უკვე ვართ), საქართველო ხდება ყველა მეზობლის ბუნებრივი მტერი და მეზობლები მოგვეპყრობიან როგორც მტრებს.
თურქების შემთხვევაში, საქართველო ეგზისტენციალური საფრთხე გახდება თურქეთისთვის, რადგან რუსული ბაზები ჩადგება ქართულ საზღვაო პორტებშიც და უშუალოდ ქალაქ ბათუმშიც. ამ რუსული ბაზების სარაკეტო შესაძლებლობები მარტივად დაფარავენ თურქეთის დიდ ნაწილსაც და თურქეთში მდებარე ამერიკულ ბაზასაც. შესაბამისად, ჩვენი ტერიტორია მათი ლეგიტიმური საპასუხო სამზინე იქნება. სომხეთის შემთხვევაში, თუ მანამდე სომხეთის პროდასავლური მთავრობა არ აყირავეს, პრორუსული საქართველოს გავლით (აღდგენილი იქნება ახალქალაქის ბაზაც) სომხეთში ხელისუფლების ძალისმიერ შეცვლას შეეცდებიან საქართველოს პირდაპირი მონაწილეობით. აზერბაიჯანის შემთხვევაში, საქართველოსა და სომხეთის რუსულ ორბიტაზე მოქცევა ავტომატურად ნიშნავს აზერბაიჯანის ხელახლა გასაბჭოებას და მოგუდვას. ამგვარად, პრორუსული საქართველო აზერბაიჯანისთვისაც ბუნებრივი მტერი იქნება.
ჰოდა, რუსების მიზანია, საქართველოდან დასავლეთი გააძევონ. როგორც კი ამას მოახერხებენ, პრორუსული საქართველოსთვის ყველა მეზობელი მტერი იქნება უკვე. ამიტომ ქართველები რუსებს დაუძახებენ საშველად. შველის რა მოგახსენოთ, მაგრამ ხელახლალი და სრული ოკუპაცია კი ნამდვილად მოხდება.
რუსული ბაზების საქართველოში გამოჩენამ არ გაგაკვირვოთ. დასავლეთის საქართველოდან გასვლის შემდეგ, ომის არდაწყების სანაცვლოდ, რუსების პირდაპირი მოთხოვნა იქნება ბათუმში, ვაზიანსა და ახალქალაქში რუსული ბაზების აღდგენა. რა თქმა უნდა, დაეთანხმებით. აბა, ომი გინდათ?
ჰო, კიდევ, დასავლეთის საქართველიდან გასვლის შემდეგ, თურქეთის იმედი ნუ გექნებათ. ისტორიულად, რეგიონის ქვეყნები ყოველთვის ახერხებდნებ საქართველოს დანაწილებას, როცა აქ დასავლეთი არ იყო. მაგალითად, ბიზანტიის არყოფნის პირობებში, ამასიის ზავი და 1921 წელს საქართველოს ოკუპაცია, როცა ფრანგები და ინგლისელები თვეების გასულები იყვნენ რეგიონიდან. შესაბამისად, დასავლეთის საქართველოდან გასვლის შემდეგ, საქართველო ტერიტორიებსაც დაკარგავს.
ცალკე უბედურება ქართველ ძალოვნებს დაატყდებათ თავს. არ გეგონოთ, რომ ვინმეს დაინდობენ რუსები. ბუჩასა და ირპენის დროს, პირველები პოლიციელების და ჯარისკაცების ოჯახები ჩახოცეს რუსებმა. აი, ქართველი ძალოვნებიდან, ვინც სისტემაში დარჩება რუსების აქ ყოფნის დროს, ახალ ომებში, სადმე უკაცრიელ ადგილას დაასრულებენ სიცოცხლეს, როგორ საზარბაზნე ხორცი. კი, ზუსტად ესაა რუსების პირდაპირი მიზანი.
ძალიან ახლოს ვართ სახელმწიფოებრივობის დაკარგვასთან. სუვერენიტეტი კაი ხნის დაკარგულია უკვე. საბოლოოდ, დარდიმანდი ქართველების ბუნებას, ასიათასები შეეწირება და შეიძლება ჩვენი ერიც ზედ მიყვეს.