თითო დასაქმებულიდან 64 ლარი საზოგადოებრივ მაუწყებელს — დაფინანსების ახალი მოდელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან კონსულტაციების შემდეგ, პარლამენტმა მაუწყებლის დაფინანსების შესახებ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი შეცვალა. თუ კანონპროექტის ეს ვერსია შევა ძალაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოში თითოეული დასაქმებულიდან 64 ლარით დაფინანსდება.
ახალი კანონპროექტით, მაუწყებლის დაფინანსება 2026 წლიდან დამოკიდებული იქნება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული სტატისტიკურ მონაცემებში წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობაზე.
მიმდინარე წლის ნოემბერში, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტით კი, საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაკუთრებული დაფინანსების წესის პრინციპის შესაბამისად უნდა დაფინასებულიყო (ასე ფინანსდება სხვადახვა უწყება, მაგალითად: პროკურატურა, ომბუდსმენი…)
ნებისმიერ შემთხვევაში, გაუქმდება მაუწყებლის დაფინანსების არსებული წესი, რომლის მიხედვითაც თითქმის 15 წელია მისი დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.14%-ის ოდენობით ხდება. შესაბამისად, მშპ-ს ზრდასთან ერთად, განუსაზღვრელად იზრდება საზოგდოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიც.
დღეს მოქმედი წესით, საზოგადოებრიცი მაუწყებლის დაფინანსება 2021 წელს შეადგენდა 69.6 მლნ ლარს, ხოლო 2024 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტით 110.3 მლნ ლარის გამოყოფა იგეგმება. ამ წესის დარჩენის შემთხვევაში კი, 2024-2027 წლების ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორების გათვალისწინებით, 2027 წლისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 139.8 მლნ ლარს მიაღწევდა.
„2026 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტი დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება არანაკლებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის – 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობისა“, — ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ამასთან, განმარტებითი ბარათის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტი გარდამავალ პერიოდში — 2024 წლის და 2025 წლის დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის — სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება წინა წელს ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობით.
თუმცა კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ცვლილებების მიღება გავლენას იქონიებს, როგორც კანონპროექტის ამოქმედების წელს, ისე — შემდგომი საშუალოვადიანი პერიოდისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე შემცირების კუთხით.
კერძოდ, 2024 და 2025 საბიუჯეტო წლისათვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი განისაზღვრება წინა წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობით, ანუ თითოეული წლისათვის 101 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო 2026 წლიდან გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში წინა წლის დასაქმებული ფიზიკურ პირთა რაოდენობაზე.
მაგალითად, საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში იყო 1 284 700 ადამიანი. აღნიშნულ რაოდენობას თუ გავამრავლებდით 64-ზე, 2023 წლისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება, ახალი მოდელით, უნდა ყოფილიყო 82 მილიონ ლარამდე.
წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების ოდენობა. კერძოდ, 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 16%-ით, 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 17%-ით, ხოლო 2026 წლიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 21%-ით.
კანონპროექტის ინიციატორები როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წევრები არიან. პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს.
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესში ცვლილებები მიმდინარე წლის ნოემბერში პირველი მოსმენით მიიღო, მაუწყებლის მენეჯმენტმა პარლამენტის თავმდჯომარესთან შეხვედრა მოითხოვა. ისინი აცხადებდნენ, რომ დაფინანსების წესის ცვლილება და მისი ბიუჯეტზე მიბმა საფრთხის ქვეშ აყენებდა მაუწყებლის დამოუკიდებლობასა და მისი ფუნქციების სრულყოფილად შესრულებას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ს შეხვდნენ და მხარეებმა მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილებაზე იმსჯელეს. ამ შემხვედრის შემდეგ კი პარლამენტმა კანონპროექტი შეცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

“შესაძლებლობა რომ მქონდეს, „ოცნების“ ლიდერს ვკითხავდი – სურს კი, რომ მთელი მისი ქველმოქმედება რუსულ სპეცოპერაციას დაემსგავსოს, დაახლოებით ისეთს, როგორითაც რუსები უკრაინაში შეჭრისათვის ემზადებოდნენ?”