ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებთან შეხვედრაზე უკრაინის წარმომადგენლების მთავარი ამოცანა უპირობო ცეცხლის შეწყვეტის საკითხი იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა აღდგომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელების შეთავაზებაზე უარი განაცხადა და უკრაინის ქალაქების დაბომბვა გააგრძელა.
„ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაც მოსკოვს სინამდვილეში სურს. თუმცა, უკრაინა თავის წინადადებას ინარჩუნებს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას არ დაარტყას. ჩვენ მოსკოვისგან მკაფიო პასუხს ველით“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
მისი თქმით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასაცავად სარაკეტო დარტყმები და შორსმოქმედი დრონების გამოყენება უნდა შეწყდეს.
„რეალური ცეცხლის შეწყვეტა ხანგრძლივი მშვიდობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს. უკრაინის წარმომადგენლებს, როგორც პარიზში გამართულ შეხვედრებზე, ისე ამ კვირაში ლონდონში დაგეგმილ შეხვედრებზე, მთავარი ამოცანა ექნებათ – უპირობო ცეცხლის შეწყვეტა – დასაწყისი ეს უნდა იყოს“, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, 23 აპრილს ლონდონში უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ლონდონში გასამართ შეხვედრაზე აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და კიტ კელოგი წარმოადგენენ, ხოლო უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე პავლო პალისა იქნებიან.
