ვისკის საქმე: ბორის გოგიჩაიშვილს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა

გორის საკრებულოს ყოფილ წევრს „ქართული ოცნებიდან“, ბორის გოგიჩაიშვილს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.
ინფორმაცია ნეტგაზეთს ბორის გოგიჩაიშვილის ადვოკატმა, თამარ კუჭავამ დაუდასტურა.
მისი თქმით, აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის მიზეზი ბორის გოგიჩაიშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა გახდა.
გორში დაკავებულ 7 პირს, მათ შორის არიან ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი და ბორის გოგიჩაიშვილი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 16 სექტემბერს შეეფარდა.
პროკურატურა მათ “განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებასა და შენახვას, ასევე სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების უკანონოდ გამოყენებით საქონლის წარმოებას” ედავება.
ბორის გოგიაჩაიშვილის ადვოკატი 16 სექტმებრს სასამართლოშიც აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს „უმძიმესი დაავადება და დიაგნოზი“ აქვს და მისი „კოგნიტური ფუნქციები მნიშვნელოვნად არის შეზღუდული”.
მისი თქმით, გოგიჩაიშვილმა უკანასკნელი ერთი წელი თითქმის სრულად გაატარა თურქეთში, სადაც სამკურნალოდ იმყოფებოდა.
ბორის გოგიჩაიშვილის ადვოკატი 50 000-ლარიანი გირაოს გადახდის მზაობა გამოითქვამდა, თუმცა 16 სექტემბერს მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა მას სხვა პირებთან ერთად პატიმრობა შეუფარდა.
აღსანიშნავია, რომ 31 ოქტომბერს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ვლადიმერ ხუნდაძის მიმართ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამოძიების თანახმად, ვლადიმერ ხუნდაძეს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად, გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების, ვისკისა და არყის დამზადებასა და შენახვას.