ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ვარაუდებს, თითქოს საქართველო პროგრესს განიცდის მის ევროკავშირის გზაზე, რეალობასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია. ამის შესახებ საქართველოში ესტონეთი ელჩი, მარგე მარდისალუ-კაჰარი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ელჩის თმქით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაყინულია და სწორედ ეს იყო ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის “ცხადი მესიჯი”.
“ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ვარაუდებს, თითქოს საქართველო პროგრესს განიცდის მის ევროკავშირის გზაზე, რეალობასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაიყინა საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. ეს იყო ევროკავშირის გუშინდელი გაფართოების ანგარიშის ცხადი მესიჯი,” – წერს მარდისალუ-კაჰარი.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში 35 პუნქტიდან 25-ში უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში საქართველოს მიერ სხვადასხვა დონის პროგრესზეა საუბარი.
მისი თქმით, საქართველო ევროპულ გზაზე პროგრესს განიცდის.
„ამრიგად, მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის მიუხედავად საქართველო ევროპულ გზაზე პროგრესს განიცდის და ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით კვლავ უსწრებს ბოსნია და ჰერცეგოვინას, უკრაინასა და მოლდოვას“, – დაწერა სამხარაძემ.