აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის ტოკიოში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ მისი აზრით, ის ერთ-ერთი შესანიშნავი პრემიერ-მინისტრი იქნება.
„დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა ამ პროცესის ასე ადრეულ ეტაპზე. თქვენ იქნებით ერთ-ერთი შესანიშნავი პრემიერ-მინისტრი“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, მიაჩნია, რომ აშშ-იაპონიის ურთიერთობა ისეთი მტკიცე იქნება, როგორც არასდროს.
„ეს იქნება ურთიერთობა, რომელიც იმაზე მტკიცე იქნება, ვიდრე ოდესმე და მოუთმენლად ველი თქვენთან და ჩვენი ქვეყნის სახელით მუშაობას. თქვენ ფანტასტიკურ საქმეს გააკეთებთ და ჩვენ გვექნება ფანტასტიკური ურთიერთობა“, – აღნიშნა ტრამპმა.
თავის მხრივ, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა იაპონია-აშშ-ის ალიანსის „ახალი ოქროს ხანის“ დასაწყისი იქნება.
ტრამპმა და ტაკაიჩიმ ხელი მიოაწერეს ორ ახალ შეთანხმებას : აშშ-იაპონიის ურთიერთობების ახალ „ოქროს ხანასთან“ დაკავშირებით და კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმებას.
პირველი შეთანხმება ეხება აშშ-სა და იაპონიას შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფას, კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმება კი ჰქმნის ჩარჩოს იშვიათი მინერალების მიწოდების უზრუნველსაყოფად.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი იაპონიაში აზიური ტურნეს ფარგლებში იმყოფება.




