ბერლინალეს წლევანდელ კინობაზრობას ესტონეთის 9, ჩეხეთის 5, საფრანგეთის 8, ხოლო საქართველოს 32-წევრიანი დელეგაცია წარადგენს

ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე (EFM) კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული კინოცენტრის სტენდს წელს უპრეცედენტო რაოდენობის – 32-წევრიანი დელეგაცია წარადგენს.

„პუბლიკამ“ მოიპოვა სია, თუ ვინ იქნებიან კინობაზრობაზე კინოცენტრის ოფიციალური წარმომადგენლები.

EFM-ის ვებგვერდის მიხედვით, სადაც ორგანიზაციებისა და მათი ოფიციალური წარმომადგენლების სიებია თავმოყრილი, კინოცენტრის დელეგაციაშია სამთავრობო პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის წამყვანი გური სულთანიშვილი და ამავე არხის ჟურნალისტი სალომე გობრონიძე.

გური სულთანიშვილს კინოცენტრი „ბერლინალეზე“ გზავნის როგორც კინოექსპორტის სპეციალისტს. ხოლო POSTV-ის ჟურნალისტ სალომე გობრონიძეს – როგორც პიარის დეპარტამენტის თანამშრომელს.

კინოცენტრის დელეგაციის 32 წევრიდან 11 კინოექსპორტის სპეციალისტად/მენეჯერადაა გაფორმებული.

გური სულთანიშვილმა „პუბლიკის“ შეკითხვას – რა სტატუსით მიემგზავრება ბერლინალეზე კინოცენტრის სახელით – უპასუხა, რომ მიემგზავრება გასაშუქებლად.

შეკითხვაზე, ნამდვილად არის თუ არა „კინოექსპორტის სპეციალისტი“, როგორც ეს ვებგვერდზეა მითითებული, სულთანიშვილი გვპასუხობს:

„მანდ კეთდება პირველი ქართული სტენდი. შესაბამისად, ამის გაშუქებას ვაპირებ, როგორც კულტურის კრიტიკოსი და ამ საკითხის ერთ-ერთი სპეციალისტი“.

ცნობისთვის, ქართული სტენდი ბერლინალეზე პირველად არ იქნება წარდგენილი და მას 15 წელზე ხანგრძლივი ისტორია აქვს.

სულთანიშვილი გვიდასტურებს, რომ ბერლინში აკრედიტაციის, გამგზავრების, ცხოვრების ხარჯს საბიუჯეტო ორგანიზაცია – კინოცენტრი უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ანაზღაურების სახით 200 ლარსაც მიიღებს.

„3 დღით მივდივარ და კინოცენტრი აფინანსებს. კინოცენტრთან ერთჯერადი თანამშრომლობის ფორმა გვაქვს გაფორმებული“, – ამბობს სულთანიშვილი.

„პუბლიკის“ ინფორმაციით, დელეგაციის სხვა წევრებთანაც ასეთი ტიპის ხელშეკრულება გაფორმდა.

სულთანიშვილის თქმით, კინოცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული პროდუქტი თავის პირად Youtube-არხზე გამოქვეყნდება და არა POSTV-ზე.

„გამოქვეყნდება ჩემს პირად Youtube-არხზე. ახალი წამოწყება მაქვს სრულიად ჩემი და დამოუკიდებელი. სამოგზაურო ბლოგი, რომლის სამუშაო სახელია „აღმოაჩინე ქალაქი“, მაგის ფარგლებში იქნება ეს და განთავსდება ამ არხზე“, – ამბობს სულთანიშვილი.

სულთანიშვილი ასევე ადასტურებს, რომ კინოცენტრის წარმომადგენლებს შორის Postv-ის ჟურნალისტიც იქნება.

„რა პრობლემაა ბერლინალეს თუ აშუქებს ჟურნალისტი? როცა ასევე გააშუქა ვიზიტი ჩინეთში და ა.შ.?“, – გვეკითხება სულთანიშვილი კერძო ტელევიზიის ჟურნალისტზე, რომლის ხარჯებიც, სულთანიშვილის მსგავსად, სავარაუდოდ, კინოცენტრმა უნდა დაფაროს.

„პუბლიკა“ ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ კობა ხუბუნაიასთან დაკავშირებას. გვსურდა, გაგვერკვია, რა ნიშნით დაკომპლექტდა დელეგაცია, რა დაუჯდება ბიუჯეტს მათი ბერლინში გამგზავრება და დარჩენა. კობა ხუბუნაია ჩვენს სატელეფონო ზარს არ პასუხობს.

რამდენი წარმომადგენელი ჰყავთ სხვა ქვეყნების კინოფონდებს?

მაგალითისთვის ბერლინალეს წლევანდელ კინობაზრობაზე:

  • ს კინოინსტიტუტს – 9 წარმომადგენელი ეყოლება;
  • ჩეხეთის კინოფონდს – 5;
  • საფრანგეთის ეროვნულ კინოცენტრს – 8;
  • საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს – 32.

„პუბლიკა“ დაინტერესდა, როგორი იყო კინობაზრობებზე მონაწილეობის პრაქტიკა აქამდე. კინოცენტრის ყოფილი დირექტორი გაგა ჩხეიძე აცხადებს, რომ 2006 წელს პირველად მისი ინიციატივით წარდგა კინოცენტრის სტენდი ბერლინალეს კინობაზრობაზე და მას შემდეგ ორგანიზაცია ყოველწლიურად მონაწილეობდა.

კინოცენტრის ყოფილი თანამშრომელი დავით ვაშაძე, რომელიც წლების განმავლობაში უწევდა ორგანიზებას კინოცენტრის წარდგენას ბერლინალესა და კანის კინოფესტივალებზე, გვეუბნება, რომ მსგავს ღონისძიებებზე ორგანიზაციის სახელით მხოლოდ კინოცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ და მათი რაოდენობა 4-დან 6-მდე მერყეობდა; სამოგზაურო გრანტები კი ცალკე გაიცემოდა კინოპროფესიონალებზე.

ვინ არიან კინოცენტრის წარმომადგენლები კინობაზრობაზე EFM-ის მიხედვით:

დელეგაციის წევრებს შორის არიან კინოცენტრის მოქმედი თანამშრომლები: დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაია, ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია, კინოექსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამთა ახალაია, ფილმწარმოების დეპარტამენტის სპეციალისტი სალომე გოფოძე, საქართველოს წარმომადგენელი ევრიმაჟში გიორგი აგლაძე (მან ნინო კირთაძის ადგილი დაიკავა).

გარდა მოქმედი თანამშრომლებისა, ბერლინალეს კინობაზრობის პორტალზე ორგანიზაციის წარმომადგენლებად მითითებულია: ტელეკომპანია „იმედის“ სახე ნინი ბადურაშვილი, ამავე არხის ოპერატორი შოთა თუთაშვილი და ჟურნალისტი ქეთევან ჭეიშვილი.

ბერლინში კინოექსპორტის მენეჯერის სტატუსით გაემგზავრება კულტურის სამინისტროს თანამშრომელი გიორგი ცხვედიანი და რეჟისორი სოფია ბაბლუანი. კინოექსპორტის სპეციალისტის სტატუსით ბერლინალეზე ასევე გაემგზავრებიან პროდიუსერები – ხათუნა ხუნდაძე, ქეთევან ჯანელიძე და დავით კერესელიძე. კასტინგის რეჟისორი მარკ სამერსი კი კინოექსპორტის დეპარტამენტის მრჩევლის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც