ავსტრიელები დიზელის მოხმარებას ამცირებენ

2024 წლის პირველ ნახევარში ავსტრიელებმა დიზელის საწვავის მოხმარება შეამცირეს, რამაც ხელი შეუწყო სათბურის გაზების ემისიების შემცირებას თითქმის 350 ათასი ტონით.
ეროვნული სატრანსპორტო კლუბის მონაცემებით, ავსტრიელებმა მანქანებში დაახლოებით 5%-ით ნაკლები დიზელი ჩაასხეს, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
გარდა ამისა, წელს ავსტრიაში 33 ათასით მეტი ელექტრომობილია, ხოლო 53 ათასით ნაკლები დიზელის მანქანა.
გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს მონაცემებით, ავსტრიულმა ტრანსპორტმა გასულ წელს 19,8 მილიონი ტონა სათბურის გაზები გამოყო, 2022 წელს – 20,6 მილიონი ტონა, ხოლო 2021 წელს – 21,6 მილიონი ტონა. თუ კლების ტენდენცია გაგრძელდება, ემისია წელს შეიძლება 19 მილიონ ტონამდე დავიდეს.
ევროკავშირში სათბურის გაზების ემისიების მეოთხედს ტრანსპორტი შეადგენს, მანქანებს კი ამის 70% უკავია. 2050 წლისთვის ევროპის სათბურის გაზების გამონაბოლქვი იმ დონემდე უნდა შემცირდეს, რომ ბუნებამ უზრუნველყოს მათი სრული შთანთქმა.
2035 წლისთვის ევროკავშირის ყველა ახალ მანქანას სათბურის გაზების ნულოვანი გამონაბოლქვი ექნება. ეს ნიშნავს, რომ ემისიების მთლიანი რაოდენობა იქნება არაუმეტეს იმ ოდენობისა, რომელიც შეიძლება მთლიანად შეიწოვოს ბუნებრივად – მაგალითად, ხეებით.