ვენა იქცა რუსეთის სპეცსამსახურების ჯაშუშობისა და ოპერატიული საქმიანობის ერთ-ერთი ცენტრად ევროპის ქვეყნებში. ამის შესახებ ნათქვამია The Wall Street Journal-ის ვრცელ სგამოძიებო სტატიაში, რომელიც ეყრდნობა ანონიმ წყაროებს როგორც ავსტრიის სპეცსამსახურებიდან, ასევე დასავლეთის ქვეყნების ოფიციალური წრეებიდან.
ვარაუდობენ, რომ ბოლო დროს სამთავრობო უწყებებში მომუშავე რუსეთის მოქალაქეების რიცხვმა ვენაში500-ს გადააჭარბა. მათი დაახლოებით ნახევარი დიპლომატი და მენეჯერია, ხოლო მეორე ნახევარი კი, ავსტრიის დაზვერვის სამსახურების რწმუნებით, არსებითად ჯაშუშური საქმიანობითაა დაკავებული. სავარაუდოდ, რუსეთის ამ მოქალაქეებს შორის არიან ოპერმუშაკებიც, რომლებიც ზედამხედველობენ ევროკავშირის ქვეყნებში დივერსიებისა და მკვლელობების მომზადებას.
სტატიის მიხედვით, რუსეთის დიპლომატიური მისიების და სხვა სამთავრობო უწყებების თანამშრომლები ავსტრიის დედაქალაქში 40-ზე მეტ შენობაში მუშაობენ.
სხვა საკითხებთან ერთად, ავსტრიის სადაზვერვო სამსახურები ეჭვობენ, რომ ავსტრიაში რუსეთის აგენტები თვალყურს ადევნებენ დასავლეთის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების ლოგისტიკას. გარდა ამისა, ვენა ასევე გამოიყენება დივერსიული საქმიანობის დაფინანსების ცენტრადაც: რუსეთის დაზვერვის ოფიცრები, რომლებიც მუშაობენ ავსტრიაში დიპლომატიური საფარის ქვეშ, სწორედ ვენიდან დაატარებენ ნაღდ ფულს მთელი ევროპის მასშტაბით. კერძოდ, როგორც ჟურნალისტურ გამოძიებაშია ნათქვამი, ვენაში მომუშავე რუსმა ოფიციალურმა პირებმა გადაუხადეს ჰონორარი რუსი მფრინავის მაქსიმ კუზმინოვის მკვლელობის შემსრულებლებს.
მაქსიმ კუზმინოვი, რომელიც უკრაინაში რუსული Ми-8 ვერტმფრენით გაიქცა, მოკლეს ესპანეთში, სადაც სხვის სახელზე გაცემული საბუთებით ცხოვრობდა. მკვლელები არ დაუკავებიათ. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის სპეცსამსახურები ვარაუდობენ, რომ მკვლელები მოსკოვის მიერ დაქირავებული კრიმინალები არიან.
ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, კერძოდ ჩეხეთი, გამოდის ინიციატივით, ევროკავშირის შიგნით შეიზღუდოს რუსი დიპლომატების გადაადგილების არეალი, რათა თავიდან იქნას აცილებული ავსტრიაში აკრედიტებული რუსული დიპლომატიური მისიების თანამშრომლების ვიზიტები ევროკავშირის სხვა ქვეყნებში
.ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ იციან მათი ქვეყნისადმი რუსეთის სპეცსამსახურების ყურადღების შესახებ, მაგრამ ირწმუნებიან, რომ ავსტრია ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, რადგან მისი სადაზვერვო სამსახური უკიდურესად ეფექტიანია. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ ავსტრიაში, რომელიც ნეიტრალური სახელმწიფოა, დე ფაქტო ჯაშუშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იდევნება, თუ ის მიმართულია თავად ავსტრიის წინააღმდეგ.
The Wall Street Journal-ის მასალაში ნახსენებია ვენასა და რუს ჯაშუშებთან დაკავშირებული კიდევ ორი საქმე – ჟურნალისტ ხრისტო გროზევის მკვლელობის სავარაუდო მცდელობა და Wirecard-ის ყოფილი ტოპ-მენეჯერის იან მარსალეკის ბუღალტრული სკანდალი. სავარაუდოდ, მარსალეკი რუსულ დაზვერვაზე მუშაობდა.