WHO: საავადმყოფო ალ-შიფიდან ევაკუირებული ჩვილებიდან 10-ზე მეტი კრიტიკულ მდგომარეობაშია

ღაზის სექტორის ჩრდილოეთში მდებარე საავადმყოფო ალ-შიფიდან სამხრეთში, რაფაჰის საავადმყოფოში ევაკუირებული 31 ჩვილიდან 11-ის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია(WHO) იუწყება. ევაკუაცია 19 ნოემბერს უზრუნველყვეს ამ ორგანიზაციის და „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების“ წარმომადგენლებმა.
ალ-შიფიდან ევაკუირებული ჩვილები რაფაჰში, არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ აღჭურვილ ჰოსპიტალში იმყოფებიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საავადმყოფოს ექიმებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ყველა ახალშობილი ებრძვის სერიოზულ ინფექციებს, რომელთა გამწვავება ალ-შიფაში შესაბამისი მედიკამენტების არარსებობამ გამოიწვია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ალ-შიფაში რჩება 250-ზე მეტი პაციენტი და 20 მედიკოსი, რომელთა ევაკუაციისთვის მუშაობა გრძელდება. WHO კიდევ ერთხელ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, კოლექტიური ძალისხმევა გამოიყენოს ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისთვის და ჰუმანიტარული კატასტროფის დასასრულებლად.
ს თავდაცვის ძალების სამხედროებმა ღაზის უდიდესი საავადმყოფოს, ალ-შიფის ტერიტორიაზე ოპერაცია 15 ნოემბერს დაიწყეს დაზვერვის მონაცემების საფუძველზე, რომ საავადმყოფოს ქვეშ „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრი მდებარეობს. ამ ობიექტის არსებობა დაადასტურა ამერიკულმა დაზვერვამაც.
პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“ ალ-შიფაში სამეთაურო პუნქტის არსებობას უარყოფს.
· ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
· კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 11 000-ზე მეტი ადამიანი.
· ისრაელის არმიის ცნობით, „ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
· დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
· ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
· „ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად გამოცხადებული აქვს ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.