Volkswagen–ი გერმანიაში სამი ქარხნის დახურვას და ათიათასობით დასაქმებულის დათხოვნას გეგმავს – მედია
გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen გეგმავს ქვეყანაში მინიმუმ სამი ქარხნის დახურვას და ათობით ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას. „ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, WDR წერს, რომ ამის შესახებ კონცერნის წარმოების საბჭოს ხელმძღვანელმა დანიელა კავალომ ვოლფსბურგში მუშებისთვის გამართულ საინფორმაციო ღონისძიებაზე განაცხადა.
კავალოს თქმით, კომპანიის მენეჯმენტს სურს გერმანიაში Volkswagen-ის მინიმუმ სამი ქარხნის დახურვა. მისივე თქმით, შემცირდება ყველა სხვა საწარმოებიც. კონცერნმა თანამშრომლებს ამ გეგმების შესახებ აცნობა.
განსაკუთრებული საფრთხე ემუქრება ოსნაბრიუკის ქარხანას, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაკარგა Porsche–სგან ნანატრი შეკვეთა. კავალომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღმასრულებელი საბჭო ასევე გეგმავს იძულებით დათხოვნებს და პროფკავშირის საბჭო მიიჩნევს, რომ ათიათასობით სამუშაო ადგილი საფრთხეშია. მთელი განყოფილება დაიხურება ან გადაინაცვლებს საზღვარგარეთ. „ეს გეგმები გავლენას ახდენს Volkswagen–ის ყველა გერმანულ ქარხანაზე“ – აღნიშნა კავალომ.
როგორც გამოცემამ აღნიშნა, Volkswagen-ში გერმანიაში დაახლოებით 120 000 ადამიანია დასაქმებული, აქედან დაახლოებით ნახევარი ვოლფსბურგშია. კონცერნს ქვეყანაში სულ ათი ქარხანა აქვს, აქედან ექვსი მდებარეობს ქვემო საქსონიაში, სამი საქსონიაში და ერთი ჰესენში.
სექტემბერში VW-მ გააუქმა სამუშაოს გარანტიის სქემა, რომელიც მოქმედებდა 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. შემცირება შესაძლებელი გახდება 2025 წლის შუა რიცხვებიდან.
